კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: არც მე და არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: არც მე და არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია და მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხს დარგი სპეციალისტები გადაწყვეტენ.

„არც მე, არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა, ეს უნდა გადაწყვიტონ ექიმებმა. შესაბამისად, თუ ამის აუცილებლობა დადგება, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და როგორც ყველა პატიმარს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, იგივე დამოკიდებულება იქნება სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ე.წ. იმიტირებულ ბუნტს უკავშირდება, კალაძემ განაცხადა, რომ ეს ტყუილია. „ეს არის ჩვეულებრივ სიბინძურე, ტყუილი. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რასაც ვისმენთ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას აპირებენ. როგორ შეიძლება ნორმალურად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ასეთი განცხადებები გააკეთოს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ჰქონდეს?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველა მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მოუწევს პასუხისგება. „არავის უხაროდა, როდესაც ოჯახებს აუბედურებდნენ და ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდნენ. არავის უხაროდა ის, რომ სულხან მოლაშვილის ოჯახი გააუბედურეს, გირგვლიანის ოჯახი ამოწყვიტეს, ახალგაზრდები ქუჩაში ჩახოცეს, ვის უხაროდა ეს ყველაფერი?! ამ ბოროტების შემქმნელი და მთავარი შემოქმედი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონკრეტულ საქმეებზე დანაშაულები აქვს და მას ამ ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

სახალხო დამცველმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკები პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით.