ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და ეს დღე არცერთ გუნდს დაავიწყდება. ერთისთვის ავადმოსაგონარი გახდა, მეორესთვის - პირიქით.
„ლივერპულის“ მოგებას ბევრი წარმოიდგენდა, მაგრამ ასეთს? 5:0! იურგენ კლოპის გუნდმა მოსისხლე მტერი არ დაინდო და საშვილიშვილოდ შეარცხვინა. პირველივე ტაიმში ყველაფერი გადაწყდა, რომელიც „წითლებმა“ 4:0 მოიგეს. საინტერესოა, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში პირველად წააგო „ოლდ ტრაფორდზე“ ტაიმი ასეთი სხვაობით. თუმცა, რაღა პირველ ტაიმში, როცა მე-13 წუთზე ანგარიში 2:0 იყო და უკვე ჩანდა ვის დარჩებოდა გამარჯვება.
მოჰამედ სალაჰმა მიჯრით მეათე მატჩში გაიტანა და ამ შეხვედრებში ჯამში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. ეგვიპტელმა „ოლდ ტრაფორდზე“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბურთი სახლში დამსახურებულად წაიღო.
„ლივერპული“ ძალიან მაგარ ფორმაშია და პრემიერლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია, მაგრამ ლიდერი არაა, „ჩელსი“ 1 ქულით უსწრებს. „მანჩესტერზე“ რა უნდა ითქვას? ბოლო 4 ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და ოლე გუნარ სულშერს როდემდე აქვს ნდობის მანდატი, უკვე არავინ იცის. სხვათა შორის, „ლივერპულთან“ მე-60 წუთზე პოლ პოგბა გააძევეს, ტაიმის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუც იმავეს იმსახურებდა, მაგრამ ავტორიტეტმა გაჭრა...