გუშინ შვეიცარიაში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა, რომ კატალონიური „ბარსელონა“ მიუნჰენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.
ამ შეხვედრას ორმაგი დატვირთვა ექნება. ფეხბურთის სპეციალისტების მტკიცებით, მიმდინარე სეზონში, მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე სანახაობრივ და შედეგიან თამაშს ეს ორი გუნდი უჩვენებს. ამის გარდა, რამდენიმე თვეში „ბარსას“ ყოფილი თავკაცი პეპ გვარდიოლა გერმანულ გუნდს სათავეში ჩაუდგება.
გუშინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” ერთი საჭირბოროტო კითხვა დააყენა - დაეხმარება თუ არა პეპ გვარდიოლა „ბაიერნს“ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესპანელ ჟურნალისტებს ეჭვი აქვთ, რომ პეპი მიუნჰენური კლუბის ხელმძღვანელობას „ბარსელონას“ დამარცხების საიდუმლოს გაანდობს. ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს მომავალში მივიღებთ.
დღეს დილით გამოცემა „Goal.com” „ბაიერნის“ თავკაც იუპ ჰეინკესს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბარსელონას“ სიძლიერის არ ეშინია და საკუთარი შეგირდების საბოლოო წარმატებაში დარწმუნებულია.
„ვფიქრობ რომ ორ შესანიშნავ დაპირისპირებას ვიხილავთ. ორივე მეტოქე შემოქმედებითი ფეხბურთით გამოირჩევა. ძლიერი დაცვით, შეტევის ხაზითა და ტაქტიკური განსწავლულობით „ბარსა“ და „ბაიერნი“ მსოფლიოში უძლიერესად მიმაჩნია.
ამჟამინდელი „ბაიერნი“ გამორჩეული გუნდია და მას არანაირი მეტოქის არ ეშინია. ბოლო წლების განმავლობაში კატალონიური კლუბი ევროპაში და მსოფლიოში კონკურენციის გარეშე იყო. დარწმუნებული გახლავართ, რომ ამ ფორმაციის „ბაიერნი“ „ბარსელონას“ არ ჩამოუვარდება.
მომავალი შეხვედრების ბედი ალბათ მეტწილად ლეო მესის თამაშზე იქნება დამოკიდებული. ამ მოსაზრებას არაერთი ფეხბურთის სპეციალისტი იზიარებს. ამ ხალხს ნამდვილად ვერ დავეთანხმები. კატალონიური გუნდი მარტო ლეო მესი არ არის. იქ ხავი, პუიოლი, ინიესტა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, დავიდ ვილია და სხვა მაღალი კლასის მოთამაშეები ასპარეზობენ. მესი განცალკევებულად უბდა განვიხილოთ, მაგრამ „ბარსაში“ ამინდს სხვა ფეხბურთელებიც ქმნიან.
მომავალ მეტოქეს დიდ ბრძოლას გავუმართავთ და მოედანზე არაფერს დავუთმობთ. მწამს, რომ ჩემი ბიჭები თავს არ შეირცხვენენ და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ.“ - განაცხადა იუპ ჰეინკესმა