იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კონფერენს ლიგაზე ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ 1:6 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა და წაგებაც ფეხბურთელების უხარისხობას დააბრალა.
„ჩემი პასუხისმგებლობაა, მე გადავწყვიტე ამ გუნდით თამაში. მქონდა კარგი განზრახვა, მინდოდა მიმეცა თამაშის შანსი მათთვის, რომლებიც ბევრს შრომობენ და ბევრს არ თამაშობენ და დასვენების საშუალება მიმეცა იმ ხალხისთვის, რომლებიც აქამდე მუდმივად თამაშობდნენ. სინთეტიკურ მოედანზე, ამ კლიმატურ პირობებში ბევრი ფეხბურთელის დასვენება გადავწყვიტე. დავმარცხდით გუნდთან, რომელსაც ჩვენზე მეტი ხარისხი ჰქონდა. ჩვენი შემადგენლობა, რომელიც ძირითადში იყო, ნაკლებ ხარისხიანია, ვიდრე „ბოდო გლიმტის“ სასტარტო შემადგენლობა.
ყოველთვის ერთი და იგივე ფეხბურთელებით თამაში რომ შემეძლოს, ვითამაშებდი. ჩვენს გუნდში დიდი განსხვავებაა ხარისხობრივად ერთ ნაწილსა და მეორე ნაწილს შორის. ვიცი, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ლიმიტი აქვს, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ მაინც მათგან სხვა პასუხს ველოდი. ჩემი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობაც მე მეკისრება.
ფეხბურთელებს ველაპარაკე და მათთან გულწრფელი ვიყავი. არასდროს დამიმალავს, რომ ამ გუნდს ზედა ზღვარი აქვს. 12-13 ფეხბურთელი გვყავს სხვა დონის და დანარჩენები მათთან ახლოსაც არ არიან. ამიერიდან, ვერავინ მკითხავს, რატომ ვთამაშობ ყოველთვის ერთი და იგივე შემადგენლობით.
ჩვენი ძირითადი შემადგენლობის წევრები კარგად თამაშობენ, სერია A-ში უფრო მეტი ქულის მოპოვება დავიმსახურეთ, ვიდრე გვაქვს. ყოველთვის დიდი მენტალიტეტით ვთამაშობდით და კვირას, „ნაპოლისთანაც“ ასე იქნება. ცხადია, ეს ისტორიული მარცხია, რადგან კარიერაში არასდროს გამიშვია 6 გოლი. პრობლემა ის კი არ არის, ახლა მე რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, არამედ პრობლემა ბიჭებშია“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, ეს იყო ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში 1008-ე მატჩი და მისმა გუნდმა პირველად გაუშვა 6 გოლი.