მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური წყვილია, რომელიც ყურადღებას ხშირად შვილების აღზრდის განსხვავებული მეთოდებით იქცევს. როცა ბავშვები პატარები იყვნენ, კუნისი და კაჩერი ჯერ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ფოტოები არ გაესაჯაროებინათ. მოგვიანებით კი, მათ გადაწყვიტეს, რომ არც შვილების რეგულარულად დაბანაა დიდი აუცილებლობა.
თუმცა, როგორც ჩანს, შეთანხმებას ადვილად ვერც ასეთი შეხმატკბილებული წყვილი აღწევს ხოლმე. სულ ცოტა ხნის წინ მილა კუნისი ელენ დეჯენერესის ვიდეოების ახალ სერიაში, დედების აღიარებებში, გამოჩნდა და მშობლობისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.
მსახიობმა ერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა თავისმა უფროსმა შვილმა განუცხადა, რომ ბაღში სხვა ბავშვმა ხელი ჰკრა.
"ინსტინქტურად ვკითხე, შენც თუ ჰკარი-მეთქი და მიპასუხა, არაო", — ამბობს კუნისი.
ზოგიერთისთვის რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბავშვს დედამ ურჩია, რომ "შემდეგში თავადაც ეკრა ხელი".
"ხელს ჰკრავ, ეტყვი, 'არა, გმადლობთ' და გაივლი", — დაარიგა კუნისმა 6 წლის უაიატი.
მაგრამ კუნისისეული "კბილი კბილისა წილ" მიდგომა ეშტონმა აშკარად არ გაიზიარა. მილა ამბობს, რომ როცა შეტრიალდა და ქმრის სახეს მოჰკრა თვალი, კაჩერი გაოგნებული აქნევდა თავს უარყოფის ნიშნად.
კუნისმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მეტიც, რჩევას დაამატა, საკუთარი თავი უნდა დაიცვაო. თუმცა, მერე "დაცვის" მნიშვნელობის განმარტება მაინც საჭიროდ მიიჩნია.
"კიბიდან, საქანელადან ან სასრიალოდან არ გადააგდო, მაგრამ სათამაშო მოედანზე თუ ხელს გკრავს, იმავეთი უპასუხე", — უთხრა მან.
ამის მიუხედავად, ამბის მოყოლის დასასრულს მილამ აღნიშნა, რომ ბაღის ასაკის ბავშვისთვის ასეთი დარიგების მიცემა ალბათ არცთუ გონივრული ნაბიჯი იყო.კუნისი და კაჩერი 2015 წელს დაქორწინდნენ. მათ ერთად ორი შვილი ჰყავთ — 7 წლის უაიატი და 4 წლის დიმიტრი.