სააკაშვილი ხშირად მოუწოდებს ემიგრანტებს თანადგომისკენ. ემიგრანტების მცირეოდენი ნაწილიც მუდამ მზადაა, ექსპრეზიდენტის დაძახილზე უცხოეთის ერთი ქალაქიდან მეორეში ჩავიდეს, კილომეტრები გაიაროს და საპროტესტო აქცია მოაწყოს მიშას დასაცავად, ან სულაც საქართველოში ჩამოვიდეს მიშას გამო. ეს მაშინ, როცა ემიგრანტებს მშობლები ისე ეხოცებათ, ვერ ახერხებენ ამ ტრაგედიის დროს სამშობლოში დაბრუნებას, ბევრ მათგანს არც კი უნახავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები და მხოლოდ ფეისბუკით გამოხატავენ მათ მიმართ ზრუნვას. ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირია, რით არიან მიბმულნი „ნაცმოძრაობაზე“ და, კონკრეტულად, სააკაშვილზე და რატომ უჩნდებათ ნოსტალგია არა სამშობლოს, არამედ სააკაშვილის მიმართ?
ერთ-ერთი ემიგრანტი ქალბატონი გამოეხმაურა ამ უცნაურ ფენომენს - სააკაშვილისა და ემიგრანტთა ნაწილის ურთიერთობას და შეკითხვა დასვა, ნუთუ ემიგრანტები იმიტომ ემადლიერებიან სააკაშვილს, რომ მთელი ცხოვრება იტალიური ტუალეტების ნახვაზე ოცნებობდნენ და სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიეცათ ამის ხილვის ბედნიერება?!
შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ სამშობლოდან მოშორებით მყოფ ემიგრანტებს თვალს სჭრიდა სააკაშვილის დროინდელი პიარი - განახლებული ბათუმი, სიღნაღი, რაბათი, მუდმივი ელექტროენერგია, რასაც შევარდნაძის დროს დანატრებულები ვიყავით, მაგრამ გარეგნული იერსახის ფონზე რაზე იყო აგებული ქვეყნის შიდა პოლიტიკური წყობა, ეს ჩვენს ემიგრანტებს მხედველობის მიღმა დარჩათ. მათ გამოეპარათ ისიც, რატომ გარბოდა ხალხი მასობრივად ემიგრაციაში სწორედ სააკაშვილის დროს, თანაც პოლიტიკური დევნის მიზეზით?!
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ცოტა რთულია იმაზე მსჯელობა, რით აიხსნება ემიგრანტების ნაწილის სიმპათია სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ფაქტია, სააკაშვილის დროსაც ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. უამრავმა ადამიანმა დატოვა საქართველო იმ მოტივით, რომ ქვეყანას, რომელსაც სააკაშვილი მართავს, ვერ შევეგუებითო.
„ემიგრანტების მცირე ნაწილს ძალიან უყვარს სააკაშვილი, ვიმეორებ, ეს მცირე ნაწილია, მაგრამ ძალიან აქტიურები არიან. ამას წინათ ერთი გამოვიდა ტელევიზორში და თქვა, ეს ადამიანები ავადმყოფები არიანო. როცა ადამიანი ფსიქიკურად ავადმყოფია, ის ყოველთვის აქტიურია. იგივე შეიძლება ითქვას იმ მცირეოდენ ემიგრანტებზე, რომლებიც მიშას ყოველგვარ დანაშაულს გამართლებას უძებნიან“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.
მისი მოსაზრებით, ვინც ცოტა ადრეულ წლებში წავიდა ემიგრაციაში, მათ არ იციან, საქართველოში რა ხდებოდა სააკაშვილის დროს, გაგონილი აქვთ და სხვანაირად ხედავენ მაშინდელ მოვლენებს. გზები თუ დაიგო და შუქი გვქონდა, ეს ყველაფერი სხვისი ფულით გაკეთდა, რომელიც ვალად გვაწევს კისერზე. დემოგრაფის თქმით, ამ კაცს ერთ რამეს ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, რაც სხვა ხელისუფალთ ყოველთვის აკლდათ, ეს იყო პიარი. სააკაშვილი ერთსა და იმავე ობიექტს 3-4-5-ჯერ გახსნიდა და ამას აპიარებდა. ერთი სამშობიარო რამდენჯერმე გახსნა. გარდა ამისა, მას ჰქონდა უნარი, თავის გარშემო შემოეკრიბა ბოროტი და ფსიქიკურად არამყარი ადამიანები, რომლებიც მის ნათქვამს უსიტყვოდ ასრულებდნენ.
„თქვენ გგონიათ, შემთხვევით იყვნენ მასთან ძმები ახალაიები? ადამიანები, რომლებსაც არავითარი დამსახურება არ ჰქონდათ და არავინ არ იცნობდა, მათი მეშვეობით გაიმყარა სააკაშვილმა პოზიციები. ისინი ყველაფერს უსრულებდნენ. ისინი ადამიანებს დაინდობდნენ? სამწუხაროა, რომ ეს ზონდერები ქართველები იყვნენ. საერთოდ, ზონდერები გაუნათლებელი ხალხია, როცა ადამიანს განათლება არ აქვს, ყველანაირ ბოროტებას ჩაიდენს. დღესაც ჰგონიათ, არიქა, მიშა ჩამოვა, ისევ იპარპაშებენ, ისევ ფული ექნებათ. რაც შეეხება მიგრაციას, ზოგადად, ერთი ფორმირება მეორით რომ იცვლება, მაშინ მიდის მოსახლეობა ემიგრაციაში. იმ პერიოდში ძალიან ცუდი საარსებო პირობები იყო არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც. სომხეთიდან უამრავი ადამიანი წავიდა მიგრაციაში, მილიონ 180 ათასს მიაღწიეს რუსეთში მცხოვრებმა სომხებმა. საქართველოში კი ამას ემატებოდა ციხეების გადავსება ქართველებით“, - ამბობს დემოგრაფი და განმარტავს, როცა 350 ათასამდე პრობაციონერი გვყავდა, რა მდგომარეობა იქნებოდა საქართველოში?!
მისი თქმით, თითქმის ყველა პრობაციონერს ფულები დასცანცლეს ნაციონალებმა. დემოგრაფი ამბობს, რომ ერთ მეტად კეთილშობილ ადამიანს, ბიზნესმენს 88 მილიონი წაართვეს, როცა ღამით წაიყვანეს, 2 მილიონი სახელმწიფოს ანგარიშზე გადააფორმეს, დანარჩენი 86 მილიონი კი თვითონ ჩაიჯიბეს. სულ მცირე, საშუალოდ ასი ათასი მაინც წაართვეს პრობაციონერებს.
ანზორ თოთაძე თვლის, რომ სწორედ ამის ხარჯზე სააკაშვილი უზარმაზარი ფულის მქონეა, ერთგან 17 მილიარდზეა საუბარი, მეორეგან - 19 მილიარდზე. სად მიდის ეს ფული? ეს ფული იხარჯება ემოგრანტებზე საპროტესტო აქციების მოწყობისას.
„ემიგრანტები მაშინ არ ჩამოდიან საქართველოში, როცა ახლობლები უკვდებათ, დედის და მამის სანახავად არ ჩამოდიან და მიშას სიყვარულისთვის ჩამოვლენ საქართველოში უანგაროდ? ან აქციებს მოაწყობენ უცხოეთში დაფინანსების გარეშე? ერთი ქალაქიდან მეორეში უსასყიდლოდ ჩავლენ მიტინგის მოსაწყობად? უზარმაზარ ფულს ხარჯავს ამ ყველაფერში სააკაშვილი. ერთხელ თქვა, ემიგრანტებმა ფული შემიგროვეს და კოსტუმი ვიყიდეო. მაგას ეგონა, ტაშ-ფანდურით შეხვდებოდნენ საქართველოში და ისე შემოვიდოდა, ამიტომ უამრავი ფული დახარჯა ამ საქმეში. ციხეში სააკაშვილს ძალიან ეშინია, შიშის სინდრომი აქვს საერთოდ და ფულს აღარ ზოგავს არც ციხეში“.
რაც შეეხება სააკაშვილის დროინდელ დემოგრაფიას, ანზორ თოთაძე თვლის, რომ ამასაც დაღი დაასვა ექსპრეზიდენტმა. ვინც მიშას დროს პრობაციონერი იყო, ძირითადად ყველანი საშუალო ასაკის იყვნენ. 10-დან ერთს რომ უნდოდა, ორი ბავშვი გაეჩინა, ციხეში ჯდომის გამო მხოლოდ ერთი ბავშვი გააჩინა. მარტო ამით 35 ათასი ბავშვი მოაკლდა საქართველოს. მიშას ხუშტურების გამო 10-დან ერთი ბავშვი არ დაიბადა.