საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ძეგლები თურქულად გამოაცხადა

საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ძეგლები თურქულად გამოაცხადა

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკების დეტალებს ასაიდუმლოებენ და ამასთან, აჭარასა და სამცხეში არსებულ ქართულ ძეგლებს მიზანმიმართულად და ურცხვად აცხადებენ თურქულ ძეგლებად. პრესაგე.ტვ-ს ამის თქმის საფუძველს აძლევს ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენი განცხადების პასუხად მივიღეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან. 

ანკარიდან სპეციალური დელეგაცია თბილისში 5 დეკემბერს ჩამოვიდა და აქაურობა 7-ში დატოვა. სანამ მათი სტუმრობის შესახებ ოფიციალურად განაცხადებდნენ, ჩვენ ერთი დღით ადრე გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით - საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან მოლაპარაკების დეტალებს მალავს. 6 დეკემბერს, ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ მათთან სტუმრად თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროდან დელეგაცია იყო ჩამოსული. 

“საქართველოსა და თურქეთს შორის ერთობლივი ოქმის გაფორმება იგეგმება, რომელიც საქართველოში თურქულ, ხოლო თურქეთში ქართულ კულტურულ ძეგლებს უკავშირდება“-ო, - თქვა კალანდაძემ, რის შემდეგაც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტთან, თათული თოდუასთან კონსულტაცია გავიარეთ და 8 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი თხოვნით მივმართეთ - ზემოხსენებული ოქმის ასლის სახით, მათ უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაციის მოწოდება მოვითხოვეთ. 

პასუხი, რომელიც სამინისტროდან 24 დეკემბერს წამოვიღეთ, არ არის ოქმის ასლი, ესაა უარი ჩვენს განცხადებაზე - კანონის თანახმად, ოქმს ხელი, რომ მოეწერება, მერე გამოქვეყნდება, რადგან ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულებაო; ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ძეგლები თურქულად გამოაცხადა: 

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან. შესაბამისად, ზემოაღნიშნული წერილით მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნები. 

ამასთან, გაცნობებთ, რომ “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის უძრავი ძეგლებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის უძრავი ძეგლების რესტავრაციის შესახებ“ ოქმი მომზადების პროცესშია. 

ოქმი ხელმოსაწერად მზად იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეწოდება აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო ვერსია და მოხდება შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება. გარდა ამისა, “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოქმი წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ხელმოწერისა და ძალაში შესვლის შემდეგ გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 

ზემოხსენებული ოქმი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებად ითვლება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განსახორციელებელ მოქმედებებსაც ეხება და მასზე ხელმოწერამ ქვეყნის შიგნით ვითარება შეიძლება დაძაბოს. ოქმის შინაარსი არა მხოლოდ პრესისთვისაა უცნობი; იქ ასახული დეტალების შესახებ, არც საპატრიარქოში იციან რაიმე, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან მისი უწმინდესობის ოფიციალური, წერილობითი პოზიცია, რაზეც არც ერთ სიტყვას არ ძრავენ ცენტრალური ტელეარხების (“იმედი“, პირველი არხი) ეთერით გასულ გადაცემებში, რომლებიც ზემოხსენებულ ძეგლებსა და მათ რესტავრაციას ეხება. 

კიდევ ერთხელ გთავაზობთ 2008 წლის 20 ივნისით დათარიღებული წერილიდან ამონარიდს, რომელშიც მისი უწმინდესობა საქართველოს ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წერს: 

ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის, საქართველოში სამი მეჩეთის და თურქეთში სამი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ და ამის თაობაზე წინასწარგანზრახულობითი აქტიც დაიდო. 

მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე), 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე,   ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია. 

შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოში უკვე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების და თეოლოგიური სასწავლებლების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნილებებს.            

რაც შეეხება თურქული მხარის მოთხოვნებს ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას და ამასთან, გამოხატავს სახელმწიფოს კეთილგანწყობას, თავისი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური, კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის მიმართ. 

ყოფილი აზიზიმეჩეთისადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში, ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება, ფაქტიურად ახალი მეჩეთის ენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ... 

ისტორიულ ტაოში ქართული ძეგლების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები 2006  წელს დაიწყო, შემდეგ გაიყინა და წელს ისევ განახლდა. აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ ისტორიულ ტაოშო ხანძთის, ოშკის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ, თურქები ითხოვდნენ: ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე მეჩეთის რესტავრაციას, ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში ხის ჯამეს რესტავრაციას და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის რეპლიკის აშენებას. 

18 დეკემბერს, პირველ არხზე, გადაცემა “ვახო სანაიას რეპორტაჟიდან“ ცნობილი გახდა, რომ ისტორიულ ტაოში კიდევ ერთი ძეგლის - ოთხთას რესტავრაცია იგეგმება, ხოლო ამის სანაცვლოდ სამხრეთ საქართველოში არსებული ერთ-ერთი მეჩეთის რესტავრაცია მოხდება. ამის შესახებ პირველ არხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ვაჩეიშვილმა ისაუბრა. მისგან გავიგეთ ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ის ძეგლები, რომელთა რესტავრაციასაც თურქები მოითხოვენ, იმ ფუნქციას შეინარჩუნებენ, რაც დღემდე ჰქონდათ, მაგრამ რა იქნება აზიზიეს მეჩეთში, თუ კი მას თურქები ბათუმში ააშენებენ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

თურქეთის აქტიურობა სამცხესა და აჭარაში გასაგებია, მაგრამ გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ქართული კულტურის ძეგლებს თურქულად აცხადებს. 

ჩვენ თითქმის ორი კვირის განმავლობაში ვარკვევდით სპეციალისტებთან, ხელისუფლების მიერ თურქულად გამოცხადებული ძეგლების წარმომავლობას.

მეჩეთი ახალციხეში, რომლის რესტავრაციაც იგეგმება, რაბათის ტერიტორიაზეა და დღეს იქ მუზეუმია, რომლის დირექტორმა, ციცინო ლაფაჩმა გვითხრა, რომ მეჩეთი გამუსულმანებული ქართველის, გვარად ჯაყელის, იგივე  აზი ახმედ ფაშას ინიციატივით, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, 7 წლის განმავლობაში შენდებოდა; 

1828 წლის 15 აგვისტოს, როდესაც ახალციხის საფაშო დაიშალა და იქ თურქებს რუსებისა და ქართველებისგან შემდგარი ჯარის ნაწილები ჩაენაცვლნენ, გამუსულმანებული ქართველის მიერ აშენებული მეჩეთი ეკლესიად აკურთხეს და ერთი მხრიდან საკურთხეველი მიაშენეს, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა. მუზეუმის დირექტორის განმარტებით, მეჩეთი, რომელშიც ამჟამად ეპიგრაფიკული ძეგლების გამოფენაა განთავსებული, ნორმალურ მდგომარეობაშია და მხოლოდ სახურავს სჭირდება გადაღებვა. 

რაც შეეხება კვირიკეს ჯამეს, ქობულეთის რაიონში – როგორც პეტრას ციხის მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა გვითხრა, 2009 წელს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს დავალებით, რეგიონში ძეგლების პასპორტიზაციის პროცესი განხორციელდა, რა დროსაც კვირიკეს ჯამეს ქართული კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ჩავლეიშვილის განმარტებით, კვირიკეს ჯამე აშენებულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს; ამჟამად მოქმედი ჯამეა – მასში იქაური მუსულმანი ქართველები ლოცულობენ; ეს ძეგლი ნორმალურ მდგომარეობაშია, არც წყალი ჩამოდის, არც კედლებია დაზიანებული, მაგრამ კარგი იქნება, თუ შიგნით ჩატარდება სარესტავრაციო სამუშაოები, გამომდინარე რეგიონში არსებული კლიმატური პირობებიდან, რომელიც ხეს ვნებს. 

ისტორიის აკადემიურ დოქტორმა, რუსლან ბარამიძემ, რომელიც ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელია, აზიზიეს მეჩეთის შესახებ ასეთი რამ გვითხრა: 

“ბათუმის მეჩეთების ისტორია ოსმალთა ბატონობის დროიდან იწყება. პირველი, ე.წ. აზიზიეს მეჩეთი ბათუმში 1863 წელს უნდა აგებულიყო, ქალაქის განაშენიანების გეგმის ფარგლებში. ის სულთან აზიზის დედის, ვალიდე ხანუმის ინიციატივით გაკეთდა, ოსმალო სამხედროებისთვის, ნავსადგურის მიდამოებში... სამწუხაროდ, არქიტექტურა და ინტერიერი ჩემთვის უცნობია, მხოლოდ რამდენიმე გარე სურათი მაქვს ნანახი. ასე რომ ჩემთვის ძნელი იქნება შევაფასო როგორი შენობა იყო, ვთქვა რაიმე მის არქიტექტურაზე, ან რაიმე სხვა ღირებულებაზე“. 

საერთოდ, აზიზიეს მეჩეთის ირგვლივ ინფორმაცია მწირია და გამომდინარე აქედან, ვერც რუსლან ბარამიძემ გაგვცა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. ამიტომ, ვერც მოვიძიეთ (ეს არც სხვა სპეციალისტებმა იციან დაზუსტებით) აზიზიეს მეჩეთი გასაბჭოების შემდეგ მოუვლელობის გამო დაინგრა თუ ძალის გამოყენებით დაანგრიეს.