აშშ-ს თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს საქართველოში მომავალ კვირას ელიან. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, რა თარიღს აირჩევს საქართველოში ჩამოსასვლელად ჯერ დაუზუსტებელია, თუმცა ევროპული ტურნეს ფარგლებში, თბილისი პირველი ქალაქი რომ იქნება, ეს დაზუსტებით პენტაგონში უკვე ითქვა. ვიზიტის დაანონსებას პოლიტიკური განცხადებებიც მოჰყვა. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისთვის და ბევრ შესაძლებლობას იძლევა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ საქართველო უნდა ეცადოს, ამ ვიზიტიდან მხარდაჭერის დიდი პაკეტი გამოიტანოს. ოსტინის ვიზიტი იქნება სიგნალი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისთვის, რომ საქართველო და უკრაინა მარტო არ არის. ასევე ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებით, არამხოლოდ ევროპელები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები არის დაინტერესებული.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში მომავალ კვირაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის ვიზიტს ისტორიული დატვირთვის მქონეს უწოდებს და აცხადებს, რომ ვიზიტი ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოსთან მტკიცე საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
დავით ზალკალიანის თქმით, გრძელდება ვიზიტის დეტალებზე მუშაობა, თუმცა არის მოლოდინი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში.
„ამერიკასა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე მრავალწლიანი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის მზაობის ამაღლებისა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირე და პარტნიორია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევაში. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მრავალი წელია მსახურობენ ერთად მსოფლიოს არაერთ ცხელ წერტილში, მათ შორის - ავღანეთში და განუზომელი წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამ მრავალწლიანი გამოცდილების, სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერთობებისა და ჩვენი საერთო მიღწევების საფუძველზე, ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტს მხოლოდ ფომალური სახე არ ექნება და ის კონკრეტული გზავნილით ჩამოვა. ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ შესაძლოა, მან ამის შესახებ საჯაროდ არ ისაუბროს, მაგრამ კარს მიღმა კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა იქნება.
„საქართველო ამ ვიზიტისგან მეტ მხარდაჭერას მიიღებს და კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის მიმართ ამერიკა პარტნიორობის სურვილს გამოთქვამს. გეოპოლიტიკურ კონტექსტში თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლა უკვე ძალიან ბევრი რამის მთქმელია. როცა ავღანეთიდან და სირიიდან ამერიკული ჯარები გამოდის, ამ ფონზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის შეიარაღებული ძალების ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ მაღალია და ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ძალიან დიდ პოლიტიკურ დატვირთვას იძენს. გამიხარდება თუკი ის ნატოსთან დაკავშირებით უფრო მკაფიო მხარდაჭერას დააფიქსირებს. ახლა ნატოს სამიტი მოდის და არ გამოვრიცხავ მისგან გარკვეული მესიჯები გაკეთდეს“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, საქართველო ნატოსკენ ძალიან ნელა მიიწევს და ამიტომ არაა გამორიცხული ამერიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამ მიმართულებით რაიმე სიახლის მომასწავებელიც იყოს. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამერიკამ გარკვეული იმედი მოგვცეს და უფრო მეტი აქტიურობა მოგვთხოვოს.
„ახლა, მე რომ განვაცხადო ამერიკის თავდაცვის მინისტრი იმიტომ ჩამოდის, რომ საქართველომ საგარეო კურსს გადაუხვია, დემაგოგია იქნება, ისევე როგორც ხელისუფლების მხრიდან იმის თქმა, კურსისთვის არ გადაგვიხვევიაო. შეიძლება არ გადაუხვია, მაგრამ პოზიციები შეანელა, რაც ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ამის მაგალითი კი ისაა, რომ თავდაცვის მინისტრები თინა ხიდაშელის და ირაკლი ალასანიას შემდეგ, ნატოში ვიზიტით საერთოდ არ ყოფილან. აშკარად ჩანს, რომ ამ მიმართულებით მოდუნებაა. ამიტომ არაა გამორიცხული, ლოიდ ოსტინის ვიზიტი ამ კონტექსტშიც განვიხილოთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის საკმაოდ წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა მიმდინარეობს. ის for.ge-სთან ამბობს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია მდივანი პოლიტიკური მხარდაჭერის მიზნით ჩამოდიოდეს.
„საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის საკმაოდ წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა მიმდინარეობს და როგორც ჩანს, სწორედ ამ საკითხების განსახილველად ჩამოდის. საუბარი იქნება სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასთან დაკავშირებით. ნაკლებად ველი, რომ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ისაუბროს.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვენელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა მოელოდა, რომ ისინი თავის აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში და, რა თქმა უნდა, მთლიანად ევროპაში გააძლიერებდნენ. კონკრეტულად კი - საქართველოშიც, რადგან საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია შავი ზღვისპირეთში. ამიტომ მისი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულ ინტერესებზე მიუთითებს, რომელიც ამერიკას საქართველოს მიმართ აქვს“, - ამბობს კაკაჩია for.ge-სთან.
მისივე თქმით, ვიზიტი დიდ როლს ითამაშებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.