Squid Game 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალია

Squid Game 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალია

ნეტფლიქსის განცხადებით, სამხრეთ კორეული კალმარის თამაში სტრიმინგ პლატფორმის მიერ გამოშვებული ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალია. ნეტფლიქსის მიხედვით, სერიალის გამოსვლიდან 25 დღის განმავლობაში ის 111 მილიონმა მომხმარებელმა ნახა.

აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით კალმარის თამაშმა ბრიჯერტონის რეკორდი გააუმჯობესა. ეს უკანასკნელი გამოშვებიდან 28 დღეში 82-მა მილიონმა მომხმარებელმა ნახა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ხერხი, რომლითაც ნეტფლიქსი მომხმარებლების რაოდენობას ითვლის. ამ რიცხვში შედის ნებისმიერი მომხმარებელი, რომელმაც სერიალს, სულ მცირე, 2 წუთის განმავლობაში უყურა. შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებელი იმას არ ნიშნავს, რომ 111 მილიონი მომხმარებლიდან სერიალი ყველამ თავიდან ბოლომდე ნახა.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ კალმარის თამაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და მისი გულშემატკივრების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სერიალი იმდენად პოპულარულია, რომ სამხრეთ კორეულმა ინტერნეტპროვაიდერმა ნეტფლიქსს მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობისა და აქტიურობის გამო უჩივლა.

კალმარის თამაში იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან. სერიალში საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს.

რეჟისორს კალმარის თამაშის იდეა ჯერ კიდევ 2008 წელს გაუჩნდა, თუმცა მას სერიალის გადაღებაზე უარს 10 წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ მანამ, სანამ 2 წლის წინ მის შემოთავაზებას ნეტფლიქსი დათანხმდა.