12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი. ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაურესების ფონზე, სპეციალისტები ე.წ. მეხუთე ტალღაზე ალაპარაკდნენ და აღნიშნავენ, რომ თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება, შესაძლოა კიდევ ერთი მძიმე ტალღა და ვითარება მივიღოთ.
ექიმი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო კახაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ჩვენ ახლა „მეხუთე ტალღაში“ შევდივართ. მან საზოგადოებას, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო, ასევე სეზონურ გრიპზე აცრისკენ მოუწოდა.
„რამდენიმე დღე მატებისკენ თუ წავიდა, უკვე შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ტალღაში ვართ. თუ წავიდა ზევით, ავა გარკვეულ ციფრებამდე. ტვინდემია არის ორი პათოგონური აგენტის ზედდება. გრიპი, რომელიც სეზონურია და ამას წინასწარ პროგნოზირებს მეცნიერება, შესაბამისი ვაქცინებით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სისტემებს. სეზონურ გრიპსა და კორონავირუსზე უნდა მოხდეს აცრა, ეს არის დაცვის მექანიზმის გაძლიერება.
მე რეგულაციებს ვიცავ ორი წელიწადია. 2020 წლის 26 თებერვალს, რომ გავიკეთე პირბადე, მას შემდეგ არ მომიხსნია. თავყრილობებში მონაწილეობა არ მიმიღია, დისტანციური რეჟიმი არ დამირღვევია, ორჯერადად აცრილი ვარ, - მე ვალდებულად ჩავთვალე ჩემი თავი და ამას ვაკეთებ.
ჩვენ გვქონდა პიკი, როდესაც 7 ათასამდე ახალი შემთხვევა გვქონდა დღიური მაჩვენებელი, ეს ცუდია, მაგრამ გამოცდილება დაგვიგროვდა და ამასთან ერთად, საველე ჰოსპიტალები გაიხსნა. თუ ადამიანი ერთხელ მაინც დაფიქრდება, რომ ვირუსის გადამტანი თვითონ არის და უნდა აიცრას, შემდეგ დაიცვას რეკომენდაციები - პირბადე, ხელის ხშირი დაბანვა, დისტანცია თავყრილობებზე უარის თქმა და ა.შ.“, - განაცხადა კახაძემ For.ge-სთან.
რაც შეეხება შესაძლო რეგულაციების შემოღებას, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა დაწესდეს. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, შეზღუდვები საზოგადოებისთვისაც მიუღებელი იქნება.
„ძალიან მტკივნეული საკითხია აქ კი არა, მთელ მსოფლიოში. ნახეთ, რა ხდება იტალიაში, საფრანგეთში, სერიოზული გამოსვლებია შეზღუდვების გამკაცრების წინააღმდეგ. მომიტინგეების დასაშლელად სჭირდებათ ზოგიერთი პოლიციური ზომის გამოყენება.
საქართველოში საზოგადოება მიეჩვია, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მცირდებოდა. შესაბამისად, ცხოვრება უბრუნდებოდა ნორმალურ რიტმს, ეკონომიკა ამოქმედდა და ამიტომ ხელახლა შეზღუდვების შემოღება იქნება ძალიან ძნელი და არასასურველი. მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს. მანამდე მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრება - პირბადის გამოყენება, ქორწილების, ქელეხებისგან, დაბადების დღეებისგან თავის არიდება. და რაც მთავარია - ვაქცინაცია!“ - განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება ინფექციის გავრცელების ტენდენციას, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ბოლო ერთ კვირაში მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია შეინიშნება.
„კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით თვენახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 000-ზე მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, რაც საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მეცნიერები საფრანგეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 90%-ით ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ეფექტურობა ვაქცინაციიდან 5 თვის განმავლობაში არ შემცირებულა. მკვლევარებს მხოლოდ ერთი თვე ჰქონდათ „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში ვაქცინების ეფექტურობის შესაფასებლად, ვინაიდან კორონავირუსის ეს ვარიანტი საფრანგეთში დომინანტური მიმდინარე წლის ივნისიდან გახდა, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინებმა მძიმე სიმპტომებისა და გარდაცვალების რისკი 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 84% -ით, 50-74 წლის პირებში კი - 92%-ით შეამცირა.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო დამატებითი დოზა გაუკეთდეს ადამიანებს, ვისაც მძიმე ფორმის იმუნოდეფიციტი აქვს, ყველა ვაქცინით, რომელიც გაეროს სააგენტოს მიერ არის ნებადართული.
ჯანმოს იმავე კომიტეტში განაცხადეს, რომ მესამე დოზა, ვინც 60 და მეტი ასაკისაა, აუცილებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აიცრნენ კოვიდის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინებით - „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“. მათივე თქმით, მესამე დოზა შესაძლოა, იყოს სხვა ტიპის ვაქცინა.