საქართველოს მასშტაბით 4 ოქტომბერს, სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ასევე საბავშო ბაღებში განახლდა. თუმცა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კოვიდინფიცირების დადასტურების გამო, ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
როგორც, for.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, 11 ოქტომბრის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 7 სკოლა და ცალკეულად 90 კლასი გადავიდა.
„კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, თავიდან რომ ავიცილოთ შიდა გავრცელება, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
როგორც მოგეხსენებათ, 2020-2021 სასწავლო წელს სწორედ ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და მათი მხრიდან დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მართეს სკოლებმა კოვიდი და საქართველოს მასშტაბით არც ერთ სკოლაში შიდა გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარია დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა. ამისათვის, კიდევ ერთხელ ვთხოვთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას - მასწავლებლებს და მშობლებს, ჩაერთეთ ვაქცინაციაში! მხოლოდ მასწვლებლების აცრა არ არის საკმარისი ბავშვის ჯანმრთლობის გასაფრთხილებლად, მას ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს“, - გვითხრეს უწყებაში.
ასევე, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აუცრელი პედაგოგები კოვიდტესტირებას კვირაში ერთხელ ჩაიტარებენ. რეგულაცია შეეხებათ ერთჯერადად ვაქცინირებულებსაც. 2 კვირაში ერთხელ კი, ტესტირება სრულად აცრილებს ჩაუტარდებათ.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას არ გამორიცხავენ კახეთის რეგიონის ზოგიერთ სკოლაში.
„რიგ სკოლებში დასწრების მაჩვენებელი არის დაბალი. იმის გამო, რომ კოვიდსიტუაცია ზოგიერთ სოფელში არის საფრთხის შემცველი მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის, ასეთია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის და ახაშნის საჯარო სკოლები, ქალაქ გურჯაანის N1 საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებლებიდან და მშობელთა მომართვიანობის საფუძველზე, შესაძლოა, სამინისტროს მივმართოთ, ეს სკოლები სწავლების სრულ ონლაინ მოდელზე გადავიდეს“, - აცხადებს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი.
სკოლების მსგავსად კოვიდინფიცირების შემთხვევები საბავშო ბაღებშიც გამოვლინდა, რის გამოც სკოლამდელი დაწესებულებები 12 დღით დაიხურა.
როგორც for.ge-ს თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 186 საბავშო ბაღიდან, კოვიდ ინფიცირების შემთხვევა 55 ბაღში გამოვლინდა.
„თბილისის მასშტაბით 186 საბავშო ბაღია. დილის მონაცემებით, კოვიდინფიცირების დადასტურების გამო 55 საბავშო ბაღი დაიკეტა, თუმცა, შესაძლოა, რაოდენობა გაიზარდოს კიდევ. ამ 55 საბავშო ბაღიდან, კოვიდი 33 აღსაზრდელს დაუდასტურდა და 22 ბაღის თანამშრომელს. ამ 22 თანაშრომელში შედის, როგორც აღმზრდელი, ასევე ადმინსტრაციის თანამშრომლები. აღნიშნული ბაღები 12-დღიანი საკარანტინო ვადით დაიხურა, რომელიც მთავრობის დადგენილებით არის გათვალისწინებული. 12-დღიანი ვადის გასვლამდე, რამდენიმე დღით ადრე, საბავშო ბაღის თანამშრომლები გაიტესტებიან, ბაღებში დეზინფექცია ჩატარდება და საბავშო ბაღი ფუნქციონირებას აღადგენს. თუმცა, თუ კიდევ დადასტურდა, ბაღი ისევ გადავა საკარანტინე რეჟმში“, - განუცხადეს for.ge-ს თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში.