ბათუმი უკვე რამდენიმე დღეა ყურადრების ცენტრშია. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას, სამწუხაროდ, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა.
რა დახმარებას გაუწევს აჭარის მთავრობა დაზარალებულებს და ვარგისია თუ არა აღნიშნული კორპუსი საცხოვრებლად? for.ge-ს ამ კითხვებს აჭარის მთავრობის უმრავლესობის წევრი, ლადო მგალობლიშვილი პასუხობს.
აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრმა უარი უთხრა, მათ კონკრეტულ პროექტზე. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
- პირველ რიგში, აქ საკითხი გასამიჯნია - საერთოდ, რეესტრი არაფერ კავშირშია მშენებლობის წარმოებასთან, ან არაწარმოებასთან. რეესტრი ადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციას. თუმცა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, იქ აზომვითი ნახაზი არ იყო, სადაც ნაჩვენები იქნებოდა გაერთიანებულ ფორმატში ფართი, ამის გამო რეესტრმა ხარვეზი დაუდგინა და რეგისტრაციაში არ გაუტარა. ანუ, რეესტრი პროცედურულად სწორედ მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. რეესტრს რომც დაერეგისტირებინა მისთვის აზომვითი ნახაზები, ეს არაფერს ნიშნავს - საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ნებართვა გაქვს აწარმოო რაიმე სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.
ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითნებურად აწარმოებდნენ სამშენებლო სამუშაოებს?
- რადგან გამოძიება წასულია სამშენებლო ნორმების არასწორი გამოყენებისა და უსაფრთხოების ზომების არდაცვისკენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხმა განზრახ, ან გაუფრთხილებლად დაარღვია სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები. ნებართვა იყო გაცემული თუ არა, ვერ გეტყვით, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რადგან მთელი ეს დღეები ტრაგედიის ადგილზე ვიმყოფებოდი. შესაბამისად, მათ ნებართვა რომც ჰქონოდათ, არსებითად არაფერს ცვლის. პირობითად, როდესაც სახლს გამოაცლი მზიდ კედელს, ამის ნებართვას არავინ მოგცემს და ამას რომ გააკეთებ, რა თქმა უნდა, სამართლებრივად არასწორია.
დაზუსტებისთვის გკითხავთ, ფართის მფლობელს შიდა სამშენებლო ნებართვისთვის ბათუმის მერიისთვის უნდა მოემართა?
- თუ მეპატრონე ფასადს ცვლიდა, მაშინ აუცილებლად მერიისთვის უნდა მიემართა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მერია შეითანხმებდა არქიტექტურულ ნაწილს, ანუ, გარეთა ფასადი როგორი უნდა ყოფილიყო. მას არც ერთ შემთხვევაში არ ექნებოდა უფლება და მერია ამის უფლებას არ მისცემდა, რომ ის შეხებოდა საყრდენ კედლებს. არ მინდა წინასწარ ბრალში შევიჭრა, თუმცა, სავარაუდოდ, მეპატრონემ მზიდ კედლებს საფრთხე შეუქმნა. გარედან ერთი შეხედვით ეს ჩანს, მაგრამ ეს გამოძიებისა და სასამართლოს გასარკვევია.
სულ რამდენი ოჯახია დაზარალებული?
- ხუთამდე ოჯახი იქნება. ამ წუთის მდგომარეობით 10 ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავს. აქედან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი და 9 გარდაცვლილია.
პირველადი ინფორმაციით, კორპუსი საცხოვრებლად რამდენად უსაფრთხოა?
- აღნიშნულ საკითხზე მე ვერაფერს მოგახსენებთ. კორპუსს კონსტურქტორები და გეოლოგები სწავლობენ. რა თქმა უნდა, ამის შემოწმება გაკეთდება და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც რამდენიმე დღეში გვეცოდინება.
ვიდრე კორპუსის შემოწმება მიმდინარეობს, რამდენი ოჯახია დაკმაყოფილებული დროებით საცხოვრებლით?
- მერია მათ დროებით საცხოვრის სთავაზობს, ვიდრე ეს საკითხი ბოლომდე არ გადაწყდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბევრს მერიისთვის მიმართული არ ჰქონდა. უმეტესობა ნათესავებთან წავიდა.
აჭარის მთავრობა დაზარალებულებს რა დახმარებას გაუწევს?
- საქართველოს მთავრობა დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს. კონკრეტულად რა სახის დახმარება იქნება, არ ვიცი, თუმცა მერწმუნეთ, აჭარის მთავრობაც და ცენტრალური ხელისუფლებაც დაზარალებულებს დახმარებას გაუწევენ.
ცნობილია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები იტბორება. თუ იტბორება აღნიშნული ქუჩა და რამდენად იქნება უკვე ეს საშიში დაზიანებული კორპუსისთვის?
- 26 მაისის ქუჩა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ცენტრს რომ თავი დავანებოთ, ქალაქის ეს ნაწილი არ იტბორება, მეც ამ ქუჩის ახლოს ვცხოვრობ და მინდა გითხრათ, რომ ეს უბანი არასდროს დატბორილა.
დაბოლოს მინდა გკითხოთ, ოპოზიციის ნაწილმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, სამაშველო ჯგუფი ადგილზე დაგვიანებით მივიდა. რა პასუხს გასცემდით მათ?
- როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, იქ პოლიტიკური ქულების დაწერა ამორალური საქციელია. სამწუხაროდ, თვალყური ვერ მივადევნე ეს განცხადება ვინ გააკეთა. თუმცა, ვისაც არ უნდა გაეკეთებინა, ასეთი საქციელი ამორალურია. ადამიანური ტრაგედია, ნებისმერ პოლიტიკურ ურთიერთობაზე მაღლა დგას.
სადაური ჩიქორთული ქართულია?