მამუკელაშვილმა იფრინა - სანდროს ორმაგი დუბლი და ბრძოლაში დამარცხებული

მამუკელაშვილმა იფრინა - სანდროს ორმაგი დუბლი და ბრძოლაში დამარცხებული "მილუოკი ბაქსი"

სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სუპერ მატჩი ჩაატარა. NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა” საგამოფენო მატჩი ნიუ იორკში “ბრუკლინს ნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, 4-ქულიანი სხვაობით 115:119 დამარცხდა.

ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეხვედრაში, რომელშიც NBA-ს და შესაბამისად მსოფლიოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, ახალგაზრდა ქართველმა ორმაგი დუბლი შეასრულა!

აღსანიშნავია ისიც, რომ სანდრომ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 30:11 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა ფორვარდმა 20 ქულა 11 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანდროს პასივში 4 დაკარგვაც იყო.

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მამუკელაშვილმა ამ ხმაურიანი შედეგის დაფიქსირება მოახერხა გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც კევინ დიურანტი, ჯეიმს ჰარდენი, ლამარკუს ოლდრიჯი და ბლეიკ გრიფინი თამაშობდნენ.

ამ სუპერვარსკვლავთაგან სანდროს პერიოდულად უშუალოდ ბლეიკ გრიფინის წინააღმდეგ უწევდა თამაში და თავი არც ერთ ეპიზოდში არ შეურცხვენია. მეტიც, მამუკელაშვილმა ყველა სათამაშო კომპონენტში გამოიჩინა თავი: შორიდანაც ჩააგდო, გარღვევებიც მიითვალა, ბურთიც მოხდენილად ჩატენა, ლამაზი პასიც გასცა და ფარზეც მაგრად იმუშავა – 11 მოხსნაც სწორედ ამის დასტურია. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდის ბურთის ეფექტურად ჩატენვის დროს ბრუკლინელთა შემადგენლობაში მოედანზე იყო სამი სუპერვარსლვლავი: დიურანტი, ჰარდენი და გრიფინი.

NBA-ს მოქმედი ჩემპიონის რიგებში კვლავ არ უთამაშია იანის ანტეტოკუმპოს, ხოლო საუკეთესო ჯორდან ნვორა გახლდათ, რომელმაც არასრულ 33 წუთში 30 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ბრუკლინში კი კევინ დიურანტმა 23:22 წუთში - 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ბლეიკ გრიფინმა, რომელიც მამუკელაშვილის ამპლუის მოთამაშეა, 20 წუთში საკუთარ გუნდს 3 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა შესძინა. ჯეიმზ ჰარდენმა გამარჯვებულ ბრუკლინელებს 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოუტანა.

გეტყვით იმასაც, რომ მარცხის მიუხედავად სამი ყველაზე მაღალი შედეგი სწორედ "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელებს ჰქონდათ და სასიამოვნოა, რომ ერთ-ერთი სწორედ მამუკელაშვილი იყო. შეგახსენებთ, 22 წლის ქართველი ფორვარდი გასულ დრაფტზე ნაციონალური ასოციაციის მოქმედმა გამარჯვებულმა დრაფტზე 54-ე ნომრად აიყვანა.

შემდეგ საგამოფენო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 ოქტომბერს, შინ “კლივლენდთან” გამართავს, რომელიც დღეს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსს" შეხვდა და 100:109 დამარცხდა.