საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე 29-ე ნომრადაა განთესილი და ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება. მსოფლიოს 35-ე ჩოგნის მომავალი მეტოქე იგორ გერასიმოვსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის საუკეთესო იქნება.
იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი მეორე წრეს დაძლევს, სავარაუდო მეტოქედ ან ფელიქს ოჟე-ალიასიმე ან ალბერტო რამოს ვინოლასსა და ლორენცო მუზეტის შორის საუკეთესო ეყოლება. გასულ წელს აღნიშნული მასტერსი კორონავირუსის გამო არ ჩატარებულა, ხოლო 2019 წელს ბასილაშვილი მეორე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას - ორი წლის წინ ქართველი ინდოელ პრაინეშ გუნესვარანთან დამარცხდა.
ინდიან უელსის მასტერსზე მონაწილეობას არ მიიღებენ რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, 2019 წლის გამარჯვებული დომინიკ თიმი და ფინალისტი როჯერ ფედერერი. ტურნირის პირველი ნომერი დანილ მედვედევია, მეორე - სტეფანოს ციციპასი, ხოლო მესამე ანდრეი რუბლიოვი. ინდიან უელსის საპრიზო ფონდი 9,146,125 ამერიკული დოლარია.