ბორჯღალოსნები ფიჯისთან ნეიტრალურ მოედანზე ითამაშებენ, ნოემბერში კი საფრანგეთთან სტუმრად ითამაშებენ. მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთი თამაშის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.
საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე, სავარაუდოდ, 6-7 ნოემბერს ეწვევა, საფრანგეთს ბორდოში 14 ნოემბერს შევხვდებით, ფიჯის კი 20 ნოემბერს ვეთამაშებით.
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ბორჯღალოსნებმა რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გამართონ.
„ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ნოემბერში მეორე თამაშს საფრანგეთთან, მესამეს კი ფიჯისთან გავმართავთ. პირველ შეხვედრაზე ჯერ კიდევ მიდის მუშაობა, მსოფლიო რაგბი რამდენიმე ვარიანტს ამუშავებს. საწყენია, რომ ფიჯის მასპინძლობა ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანი იყო მათთვის საქართველოში გვემასპინძლა, მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ბევრი რამ თავდაყირა დადგა. ჯერჯერობით უცნობია, სად შევხვდებით ფიჯის. ლოკაცია მოგვიანებით დაზუსტდება. რაც შეეხება პირველ თამაშს, მეტოქის ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებთ. საუბარია ძლიერი სარაგბო გუნდის სტუმრობაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეებსაც, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, საქართველოში შემოსვლისა და გასვლის პრობლემა არ აქვთ. ზაფხულში ტიერ 1-ისქვეყნის გუნდებთან ბევრი ტესტ-მატჩი გაგვიცდა და მნიშვნელოვანია, რომ ახლა რაც შეიძლება მეტი თამაში გავმართოთ“, - ამბობს ბაჩო ხურციძე.
საფრანგეთს მსოფლიო თასს მიღმა პირველად ვეთამაშებით. 2007 წლის მსოფლიო თასზე „ლე ბლეს“ მარსელში შევხვდით და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. 14 წლის შემდეგ, საფრანგეთთან შეხვედრას ისტორიულს უწოდებს ხურციძე.
„საფრანგეთთან თამაშს ისტორიული დატვირთვა აქვს, რადგან მათ პირველად ვხვდებით მსოფლიო თასს მიღმა. გარდა ამისა, ნაკრების მოთამაშეების დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთში თამაშობსდა სასიხარულოა, რომ მიმდინარე სეზონში ყველა მათგანს სტაბილური სათამაშო დრო ეძლევა. ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ საფრანგეთის ნაკრები გაძლიერდა და მათთან შეხვედრა ამ კუთხითაც საინტერესოა“, - ამბობს ის.