ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა 41 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ბოლო კლუბმა, კატალონიურმა „ბარსელონამ“ გაავრცელა.
გასოლმა კარიერა 1999 წელს „ბარსელონაში“ დაიწყო, 2001 წლიდან კი აშშ-ში, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობდა. სხვადასხვა წლებში იცავდა „მემფის გრიზლის“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“, „ჩიკაგო ბულზის“, „სან-ანტონიო სპერსის“ და „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას. 2021 წელს პაუ გასოლი მშობლიურ „ბარსელონაში“ დაბრუნდა.
პაუ გასოლი NBA-ის ორგზის ჩემპიონია (2009, 2010), 6-ჯერ მონაწილეობდა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში (2006, 2009, 2010, 2011, 2015, 2016).
ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპონატი (2006), ევროპის ჩემპიონატი - სამჯერ (2009, 2011, 2015), ოლიმპიური ვერცხლი - ორჯერ (2008, 2012) და ბრინჯაო (2016). 2006 წლის მსოფლიო ჩეპმიონატზე პაუ გასოლი ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) აღიარეს.