წარმოდგენაც კი არ მინდა, დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მიღმა, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, რა რიტორიკით მიმართავდა ის თავის ამომრჩეველს. ზუსტად იმ რიტორიკით, კადრებიდან რაც შევიტყვეთ, რომ კოლონები უნდა დაიძრას თბილისისკენ, რუსთაველი უნდა ავიღოთ და ა.შ. ეს რიტორიკა იქნებოდა ძალიან აგრესიული, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა „იმედის დღეში“ განაცხადა.
„დღეს, რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა არის 180 გრადუსით, დიამეტრულად განსხვავებული. ის აღარ მოუწოდებს თავის ამომრჩეველს და თავისი პარტიის წევრებს რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ. მგონი, მისთვის გამარჯვების ტოლფასია თუნდაც ის ფაქტი, რომ მთელ რიგ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა. ეს უკვე დიდი გამარჯვებაა მისთვის. და ალბათ მისთვისაც მოულოდნელი სიურპრიზია ის, რომ გახარიას პარტიის გამოჩენის გათვალისწინებით არათუ 43%-იან ნიშნულს ქვევით არ ჩავიდა „ქართული ოცნებისადმი“ ნდობა მოსახლეობის მხრიდან, არამედ, აიწია კიდეც, სააკაშვილისთვის გაუგებარი და ამოუცნობი მიზეზების გამო“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.