საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, რუსეთის, ირანის, ინდოეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კამერუნის, იორდანის, თურქმენეთის, ყაზახეთის და კენიის - ჯამში 22 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.