„მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და შესაბამისად მოუწევს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა, ექსპრეზიდენტის დაკავებისას, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალიზმი გამოავლინეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სამსახურს - უშიშროების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს... მართლაც, უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.