„სუს-ის კრებსები გავრცელდა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული არხებიდან, და ამიტომ ამ ჩანაწერებს არჩევნებზე გავლენა არ ექნება“

„სუს-ის კრებსები გავრცელდა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული არხებიდან, და ამიტომ ამ ჩანაწერებს არჩევნებზე გავლენა არ ექნება“

როგორ აისახება მოახლოებულ არჩევნებზე ის ფაქტი, რაც სუს-ის კრებსებით დასტურდება, რომ ჩვენს ქვეყანაში თურმე ყველაზე მეტად სასულიერო პირებს უსმენდნენ?

სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ამ ჩანაწერების გამომზიურება არის ეკლესიის პირდაპირი მტრობა, მათი დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს.

ერთხელ პატრიარქს უთხრეს, „უწმინდესო, გისმენენო“. პატრიარქმა უპასუხა: „მეც ეგ მინდა, მომისმინონ, მთელი ცხოვრება იმას ვცდილობ, მომისმინონ“.

როგორც ცნობილია, სუს-ის ფარული ჩანაწერების ფაილები პატრიარქის საუბრებსაც მოიცავს, მათ შორისაა, პატრიარქის საუბარი საკუთარ დასთან - მონაზონ ნატალია შიოლაშვილთან და თხოვნა, მისი პირადი სეიფის სასწრაფოდ შემოწმების თაობაზე, სადაც, როგორც წესი, ანდერძი ინახება; სუს-ის ფაილებიდან, ასევე, ვიგებთ, რომ ვლადიკავკაზის დატოვების შემდეგ საქართველოში შემოსულმა ნატალია შიოლაშვილმა პატრიარქის შეკითხვის „გააკეთე საქმე?“ საპასუხოდ უწმინდესს განუცხადა, „სულ, სულ ყველაფერი გავაკეთე და მომაქვს ყველაფერი“.

სასულიერო პირთა საუბრებში ჩანს მათი კავშირები „საჭირო ადამიანებთან“, მაგალითად, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე „აირზენას“ პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილს 20 მილიონი ლარის დავალიანების პრობლემის გადაჭრას ჰპირდება. ჩანაწერების გარკვეული ნაწილი აღწერს ეპისკოპოსთა პოლიტიკურ განწყობას, მიტროპოლიტ იობს არ მოსწონს გიორგი გახარიას, ამ „ერთადერთი ნათელი წერტილის“, თანამდებობიდან გადადგომა, დავით გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი კირიონი კი მიიჩნევს, რომ გახარიას მისმა და ბოდბელი ეპისკოპოსის წყევლამ უწია. თავის მხრივ, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილს ახარებს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერება.

ირაკლი ღარიბაშვილი კი სასულიერო პირების მოსმენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ, თუ სუს-ი უსმენს სასულიერო პირებს, ეს შეიძლება ხდებოდეს კანონიერად ჩვენი ეკლესიის, პატრიარქის დასაცავად.

რას ნიშნავს პატრიარქის მოსმენა, უწმინდესის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, თუ პატრიარქის საწინააღმდეგოდ, მის დასაშანტაჟებლად ფარული მოსმენების გამოყენებას?! რისთვის არიან განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ სასულიერო პირები და როგორ იმოქმედებს ეს არჩევნების შედეგებზე?

თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეკლესიის მრევლთან მიმართებით ისე არ ხდება, რომ მორწმუნე ადამიანმა იმას მისცეს ხმა, ვისზეც მოძღვარი მიუთითებს. ეკლესიაში ყველა პარტიის მომხრე დადის და მოძღვარი ბევრს ჰყავს.

„როგორ აისახება სასულიერო პირთა მოსმენები არჩევნებზე, ძალიან ძნელი სათქმელია. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ სუს-ის კრებსები გაჟღერდა ოპოზიციური არხებიდან, ანუ სწორედ იმ არხებიდან, რომლებიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც შემჩნეულია არაერთ ფეიკში, დაწყებული იმით, რომ თურმე საწყალი თამარ ბაჩალიაშვილი იარაღით ვაჭრობაში იყო ჩართული. თუნდაც ამის გამო მათი სანდოობის ხარისხი დაცემულია. სულ მართალნიც რომ იყვნენ, ხალხი არ ენდობა მათ ნათქვამს. ცალკეული ძალები საპატრიარქოს უსამართლოდ ებრძვიან, ამიტომ, ჩემი აზრით, ამ ჩანაწერებს დიდი გავლენა არ ექნება არჩევნებზე. ცალკეულ ადამიანებზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა, მაგრამ მასობრივად მრევლი უარყოფითად არ განეწყობა ხელისუფლების მიმართ“, - აცხადებს ლევან აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული კავშირი არსებობს ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს შორის, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გამოიყოფა 25 მილიონ ლარზე მეტი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხელისუფლება ცდილობს, ეკლესიის მეშვეობით მოახდინოს გარკვეული ზემოქმედება მოსახლეობაზე, რაც არჩევნებზეც აისახება. მეუფე იაკობი ღიად ქადაგებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ განცხადებებს, ის არის პატრიარქთან განსაკუთრებით დაახლოებული პირი.

„რაც შეეხება რუსულ ეკლესიასთან კავშირს, მოსმენების გარეშეც ვიცით, რომ რამდენიმე ე.წ. სასულიერო პირი პირდაპირ ქადაგებს რუსეთთან კავშირს და აცხადებს, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა, ხოლო - ევროპა გარყვნილი. ამას ღიად ქადაგებენ და შეიძლება სუს-ის მოსმენა ამას არც სჭირდებოდეს. ინტრიგები როგორც არის საერო ხელისუფლებაში, ისევეა სასულიერო პირებშიც. შესაძლოა, რომის პაპსაც უსმენდნენ, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ნორმები დაცულია, იქ თუ გამოვლინდა სკანდალი, პოლიტიკური კარიერა დასრულებულია, შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკიროს ადამიანს. საქართველოში კი ყველას ყველაფერი ეპატიება, მთავარია, ვინ ვისი კაცია, აქ მოქმედებს პრინციპი, „ზოგის ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის კაკალიც არა“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ცოტა არაეთიკურია ამაზე საუბარი, მაგრამ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქმნის ძალზე არაჯანსაღ სიტუაციას მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ბევრი წრეა დაინტერესებული პატრიარქის ტახტის მომავალი მემკვიდრით.

„ამდენად, სპეცსამსახურებმა შეიძლება უსმინონ კიდეც უწმინდესს, აინტერესებდეთ, ვის ამზადებენ მემკვიდრედ, მათ აინტერესებთ ისიც, არ მოხდეს ანდერძის გაყალბება, თუმცა სჯობს, ასეთი მოსმენები პატრიარქის მიმართ არ იყოს. ცხადია, პროცესები სუფთად რომის პაპის კანცელარიაშიც არ მიმდინარეობს და ჩვენთან რომ არ მიმდინარეობდეს, რა გასაკვირია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

Serapina "აბა, პროფესიონალებს მთვარიდან ხომ ვერ ჩამოიყვანს ბიძინა"-ო... რომ გაიძახოდით, გულანთებული ბიძინისტები...
...აჰა, დაუფასა სააკაშვილმა და პერსონალურად ჩამოაკითხა, ბიძინობის მოსალოცად.
ამდენი უმადურობა გაგონილა?!

გამოდის, გახარიას სტრატეგიული გენიოსი ყოფილა... ნაცების დასაქმებაზე, მაღალ თანამდებობებზე, ხომ მაგას აწმენდნენ ხელებს მამალი ქოცები!
ჰოდა, როგორადაც არ უნდა ყოფილიყო...
დღეს რაც მოხდა...
არ ვიცი, ვინ რა დაასხა (ვის წისქვილზე) და ვინ სად გაასხა(პარდონ)....
ბრავო გახარია!
3 წლის უკან
Serapina 2. ყოჩაღ, ქალბატონო პრეზიდენტო!
3 წლის უკან
Katana . "სასულიერო პირთა საუბრებში ჩანს მათი კავშირები „საჭირო ადამიანებთან“, მაგალითად, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე „აირზენას“ პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილს 20 მილიონი ლარის დავალიანების პრობლემის გადაჭრას ჰპირდება."
?
აი, ამიტომ აპროტესტებს სამღვდელოება მოსმენებს! - რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რამდენ ადამიანს ეხმარებიან ქრისტესმიერი სიყვარულით... როგორც ამ საწყალ გაიაშვილს
20-მილიონიანი დავალიანების ჩამოწერაში (ანუ, ბიუჯეტის 20 მილიონით დაზარალებაში!) დახმარებია პროტოპრესვიტერი!
დაგლოცოთ უფალმა თქვენი სიკეთისთვის!..
3 წლის უკან