მამუკა მდინარაძე სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: ხვალ არჩევნებზე ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ამ უპრეცედენტო თაღლითობას

მამუკა მდინარაძე სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: ხვალ არჩევნებზე ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ამ უპრეცედენტო თაღლითობას

ხვალ, არჩევნებზე ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ამ უპრეცედენტო თაღლითობას, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია.

„არ შეიძლება ამაზე სერიოზულად ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ უკრაინიდან ეს ადამიანი არსად გასულა, სხვა ქვეყანაში არ გადასულა. ეს ადამიანი არის უკრაინაში, შემძვრალია ახლა სადღაც სოროში, ემალება ყველას, რათა შექმნას ილუზია, რომ თითქოს საქართველოშია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.