დრო, ვითარება და შინაარსი ამ ყველაფრის მეტყველებს იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ დიდი სურვილი იყო ეკლესიის დაპირისპირებისა სახელმწიფოსთან, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მასალების გავრცელებაში ყველაზე ფართო და საბოლოო რგოლი ოპოზიციური ტელევიზიები არიან.
„ისინი სიხარულით შეუდგნენ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებას. მათი ყველა სიუჟეტის შინაარსი იყო ასეთი, რომ ავთენტურობა არ არის დადასტურებული, თუმცა სიუჟეტის შუაში გადადიან და ამბობენ, რომ გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, დასტურდება და შემდეგომში მოდის უკვე კონკრეტული შემთხვევები და მკაფიო მინიშნებები პიროვნებებზე. არაერთი ასეთი სიუჟეტი გააკეთეს, მაშინ როდესაც ერთ-ერთი მთავარი, რითიც თავი მოაქვთ, ადამიანის უფლებების დაცვა და პირადი ინფორმაციის გაუვრცელებლობა “, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
კითხვაზე ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ეკლესიის მხრიდან ამის დაკონკრეტება რთულია.
„ჩვენ უბრალოდ ვხედავთ უკანასკნელ რგოლს, რომელიც ამას აკეთებს და ამის ყველაზე ფართე დისტრიბუციას ახდენს და მაყურებელს უყვება. ჩვენ თუ გადავლებთ თვალს, თუ ვინ დგას მათ უკან, შორს არ არის გასახედი. ვნახოთ ზაფხულის მოვლენები და ვნახოთ 5 ივლისის წინა და შემდგომ პერიოდს. ესენი ერთად იდგინენ მიტინგზე, სადაც ეწერა „საპატრიარქო ყარს“, „წვერი გავპარსოთ მღვდლებს“ და ა.შ. ეს გრძელდება და ჩვენი ხედვით, ეს ხალხი აგრძელებს იმას, რისთვისაც მანამდე ვსაყვედურობდით და არაერთხელ გვითქვამს. ამ ინციდენტის შედეგად ყველაზე დიდი დარტყმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მიიღეს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.