თეა წულუკიანი: „ქართული ოცნება

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნება" ხალხს პირველ რიგში იმით დაამახსოვრდება, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად ქვეყანას სააკაშვილის რეჟიმი მოაშორა

„ქართული ოცნება“ მოქალაქეებს, მაშინაც კი, როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში დაამახსოვრდებათ იმით, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ივანიშვილის მეთაურობით, ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ დიდი უბედურება მოაშორა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ მოვიტანეთ ამდენ წლიანი და ღმერთმა იცის, რამდენად რთული იყო სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება. ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ბიზნესმენებისთვის (არა მხოლოდ) უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და რომელმაც განახორციელა ძალიან დიდი საკანონმდებლო და პრაქტიკული რეფორმები. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც შვება მისცა ბიზნეს, რომელმაც გაათავისუფლა ადამიანი და რომელმაც პატიმარს დაუბრუნა თავისი ღირსება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა.

„მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანაზე უფრო კარგად ავკრიფეთ ეკონომიკური ზრდის რიტმი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ელემენტარულად ოჯახები არჩინონ. ასევე ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა სტრასბურგის განაჩენი, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა - ეს ვიცოდით, მაგრამ ხელში განაჩენი არ გვქონდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.