სააკაშვილის მრჩეველი რომ ვყოფილიყავი, მას აუცილებლად ვეტყოდი, ჩამოსულიყო ნებისმიერ სხვა დროს, როდესაც მას არ ელიან, თუ მას ნამდვილად სურს ქვეყნის დახმარება,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "პალიტრანიუსის" გადაცემისთვის "თავისუფალი სტუდია" გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების დღეს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გამოიწვევს მხოლოდ კონფლიქტს, აქედან გამომდინარე ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა ან ჩამოვა სხვა დროს, როდესაც იქნება ნაკლები არეულობა.
„რაც შეეხება იმას, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო სვლა იქნება ორივე მხრიდან. მე მესმის ხელისუფლების, მაგრამ, ასევე, მესმის, რატომ აკეთებს ამას მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ეს მხოლოდ გამოიწვევს კონფლიქტსა და არეულობას. ეს არ არის ის, რაც ამ არჩევნებს სჭირდება, ამ არჩევნებს სჭირდება, რომ მოსახლეობამ მშვიდ გარემოში შეაფასოს, თუ რა მოხდა. მას არ სჭირდება პოლიტიკური თამაშები კონკრეტული აქტორების მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ ეს ჩაივლის მშვიდად და მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა ან ჩამოვა სხვა დროს, რომელიც იქნება ნაკლებად არეული. ჩვენ ვნახავთ, რა მოხდება 2 ოქტომბერს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არ იქნება დიდი ნეგატიური გავლენა არჩევნებზე. სააკაშვილის მრჩეველი რომ ვყოფილიყავი, მას აუცილებლად ვეტყოდი, ჩამოსულიყო ნებისმიერ სხვა დროს, როდესაც მას არ ელიან, თუ მას ნამდვილად სურს ქვეყნის დახმარება“,- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
მან ზოგადი საარჩევნო გარემოც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ამ არჩევნებზე ადგილი არ ექნება რაიმე სახის საარჩევნო მანიპულაციებს ან რაიმე სახის ძალდატანებას.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს არ არის საპარლამენტო, არამედ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხდებოდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ეს, ასევე, იქნება მოსახლეობის ნების დემონსტრირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ურჩევნიათ მათ, რა მიმართულებით უნდათ, რომ ქვეყანა წავიდეს და სწორედ აქედან გამომდინარე არის, რომ ევროკავშირი ასე ყურადღებით აკვირდება ამ არჩევნებს და მათ შორის, გზავნის სადამკვირვებლო მისიებს.
მნიშვნელოვანია ყველას შევახსენოთ, რომ არჩევნების ბედი მოსახლეობის მიერ წყდება და არა პარტიების მიერ, ასე რომ, პარტიებმა, რეალურად, პატივი უნდა სცენ მოსახლეობის პოზიციას. მათ აქვთ უამრავი შესაძლებლობა აჩვენონ მოქალაქეებს, თუ რას ემხრობიან ისინი და რა სურთ ქვეყნისთვის. ამის შემდეგ, უკვე მოქალაქეების გადასაწყვეტია, ვის მისცემენ ხმას. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ არ ვნახავთ რაიმე სახის საარჩევნო მანიპულაციებს ან რაიმე სახის ძალდატანებას. ვიმედოვნებ, რომ პარტიები შეძლებენ ეს პროცესი შეინარჩუნონ მაქსიმალურად ცივილურად, რადგან ახლა საქმე ეხება იმას, თუ რა სურს მოსახლეობას და არა მათ.
აგრესია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან პრობლემურია. ვფიქრობ, ეს უბრალოდ იმის გაგრძელებაა, რაც ხდებოდა თბილისში, განსაკუთრებით, „თბილისი პრაიდის“ პროტესტის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ თუ ცვლილებები უნდა იყო, მაშინ ეს ტენდენცია უნდა შეჩერდეს, რადგან აგრესია მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.