"ძალიან სიმბოლურია, რომ კიევში საკუთარ ორგანიზაციას, მიხეილ სააკაშვილმა "მარტივი გადაწყვეტილებების ოფისი" დაარქვა. "რთულ" გადაწყვეტილებებს მისი ერთუჯრედიანი მიმდევრები ვერ იტევენ"

„ძალიან სიმბოლურია, რომ კიევში საკუთარ ორგანიზაციას, მიხეილ სააკაშვილმა "მარტივი გადაწყვეტილებების ოფისი" დაარქვა. "რთულ" გადაწყვეტილებებს მისი (როგორც წესი) ერთუჯრედიანი მიმდევრები ვერ იტევენ. ვერც მათი თბილისის ფილიალის თავმჯდომარე - ნიკანორ მელია გამოირჩეოდა "ხუთოსანი" მოწაფის რეპუტაციით, ბოლო-ბოლო მისი ლექტორი ვიყავი და ეს მაინც ვიცი. მაგრამ, როდესაც თითქოს და მათზე ოდნავ გამორჩეული რომან გოცირიძე მიმართავს "მარტივ გადაწყვეტილებათა" სფეროს - ეს უკვე კატასტროფაა.

გუშინ ბატონმა რომანმა ბრძანა: "საკითხი მარტივად არის, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი და  საერთაშორისო პარტნიორები მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ". როგორც ჩანს, ნიკოლა სარკოზის არც საერთაშორისო პარტნიორები ჰყოლია, არც სამეგობრო - თუ საქმე არც თუ ისე "მარტივადაა" და საფრანგეთში უბრალოდ კანონი "მეფობს"? არანაკლებად უცნაურია ბატონ რომანის განცხადების მეორე ნაწილიც, და არა მარტო უცნაური - სახიფათოც კი.

როდესაც გოცირიძე თავის ბელადს ასე "მარტივად" უშვებს ციხეში - იქ, სადაც "ქართველი ხალხი" იხდის სასჯელს, საინტერესოა რას გულისხმობს, რომ ეს ხალხი მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებს? საკუთარი ხალხის ხელში, ციხეში მოხვედრილი სისხლიანი რეჟიმის დიქტატორებს რა ბედი ელით გისოსებს მიღმა - შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ბატონი რომანი მსურს დავამშვიდო - დღევანდელი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში "ეს გამოსავალი" გამორიცხულია - გავიხსენოთ თუნდაც ივანე მერაბიშვილის, ბაჩანა ახალაიას ან დღეს უკვე, "უცნობი" მეგის ქარდავას უსაფრთხო საციხო ყოველდღიურობა.

მიხეილ სააკაშვილის ბედს დღევანდელ საქართველოში არც ხალხი ("ლინჩის წესით"), არც საერთაშორისო პარტნიორები და არც საქართველოს პრეზიდენტი, რომლის გარშემო ამდენი აბსურდული სპეკულაციებია შემოგდებული ბოლო დროს - არამედ მისი აღმატებულება, კანონი გადაწყვეტს. და აი რატომ...ვისი შეწყალების საქმეს არ განიხილავს პრეზიდენტი?

იმ მსჯავრდებულის, რომელსაც:

ბ) რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი; (ეს წინა წესდებაშიც ასე იყო)

გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი (წინა წესის თანახმად, პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონოდა აღკვეთის ვადის ნახევარი)

ი) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული  სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა (ეს პუნქტიც წინა წესდებაში იდენტური იყო)

კ) რომელიც არ ითხოვს შეწყალებას (ეს პუნქტიც წინა წესდებაში ასე იყო ფორმულირებული)

კანონში უფრო მეტი პუნქტებია, მაგრამ კონკრეტულად ამ პუნქტებში ჯდება სააკაშვილის "ქეისი". ჯერ უნდა ჩამოვიდეს, სასჯელის შესაბამისი ვადა მოიხადოს, შემდეგ შეწყალება ითხოვოს, თან მხოლოდ მსჯავრდებული არ არის, ბრალდებულიც არის - სანამ მიმდინარე საქმეები სამივე ინსტანციის სასამართლოში არ განიხილება, მანამდე ვერ შეიწყალებს...

ასე რომ, ამაზე "მარტივი გადაწყვეტილებების" თემა შეიძლება დახურულად გამოვაცხადოთ, ხოლო "ჩამოვა/არ ჩამოვა"-ს დილემა თავად გადაწყვიტოს - უფასო იურიდიული კონსულტაცია კი ჩავუტარეთ“.