ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რაც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი პროგრამების დაფინანსებისთვის.
„ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში. ერთ-ერთი ფაქტი დადასტურდა, როცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბატონი კეზერაშვილი დაუსაბუთებელი, გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის. კერძოდ, თუ არ ვცდები, 5 მილიონი დოლარი იქნა გადარიცხული ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე და არც სერვისი იქნა გაწეული და არც არავითარი შეიარაღება არ ჩამოსულა. ასეთი ფაქტი არის უამრავი და გამოძიება ყველა ამ ფაქტს გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა პრემიერმა.
თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სააალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.