საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად იკლო. დღეს კი საკოორდინაციო საბჭო იმაზე მსჯელობს, დამატებით კიდევ რა წამახალისებელი ბერკეტები აამოქმედოს იმისთვის, რომ საზოგადოებას აცრის მეტი მოტივაცია გაუჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, არსებობს ლატარია აცრილებისთვის, ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ცალკე ექიმების წახალისება ფულადი სახით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 26 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 742 547 აცრაა ჩატარებული. ამავე მონაცემების თანახმად, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის. სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.0%. 25 სექტემბერს აიცრა 12 402 ადამიანი.
თუმცა, გეგმაში არის წლის ბოლოს 60% უკვე აცრილი იყოს იმისათვის, რომ საზოგადოება მეტ-ნაკლებად ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, რაც პანდემიის დაწყებამდე იყო.
ამასთან, „დელტა“ შტამის პირობებში, სპეციალისტები ე.წ. მეხუთე ტალღას პროგნოზირებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.
მან მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა.
„მომავალი სამი თვე უნდა იყოს ძალიან ინტენსიური. ჩვენ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გვაქვს, ყველანაირი ვაქცინის, რაც დღეს არის, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს, რომ ავიცრათ, იმიტომ, რომ აცრის გარეშე ჩვენ ამ ეპიდემიას ქვეყანაში ვერ დავასრულებთ და გვექნება სულ უფრო და უფრო საშიშროება. ჩვენ თუ ახლა მაქსიმალურად ავიცრებით, ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მსუბუქი შედარებით და არ გვექნება ისეთი რთული, როგორიც ჩვენთვის იყო აგვისტო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი სამედიცინო მუშაკების მიერ კარდაკარის პრინციპით აგიტაციის ჩატარება, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. მისი თქმით, საუბარი უფრო ეფექტურია და მხოლოდ მედიის და ქუჩაში ბანერების გამოკვრით, საზოგადოებას ვერ დაარწმუნებ.
„რეგულაცია, რეალურად, არც ერთი არ დარჩა, ერთადერთი დაგვრჩა პირბადის ტარება. სანამ არ აიცრება მთელი მოსახლეობის 80%, მანამდე „დელტა“ შტამის პირობებში არ არის რეკომენდირებული ამ შეზღუდვის მოხსნა. რეგულაციებზე შეღავათი არა, მაგრამ მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რომ ადამიანებმა ან უნდა აიცრან, ან თავისი ხარჯით გაიკეთონ ტესტი, ანდა გავიდნენ შვებულებაში, თუ ისეთი პროფესია აქვთ და ისეთ სიტუაციაში უხდებათ მუშაობა, როდესაც კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ადამიანებთან.
ასევე, შესაძლოა, წახალისება ფულადი ჯილდოს სახით, არის ლატარია, მაგრამ ამასთან უნდა იყოს ექიმების წახალისება, რომ მათ მაქსიმალურად იმუშაონ იმ კონტიგენტთან, რომელიც დღეს ერთი მხრივ, ყველაზე მაღალი რისკის არის, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე ნაკლებია აცრილი. უნდა განუმარტონ, აუხსნან, სოფლის და უბნის ექიმმა იმუშაოს მათთან და რეალურად, ექიმის მიერ დარწმუნება უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი სხვა წყაროდან წამოსული. ჯერ კიდევ მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა ჯანდაცვის მუშაკების პოზიციას, მით უმეტეს მათ პოზიციას, ვისაც იცნობენ და ყოველდღიური ურთიერთობა აქთ.
მესამე ბერკეტი, ძალიან მნიშვნელოვანია ახსნა-განმარტება, ოღონდ ეს უნდა ტარდებოდეს კარდაკარის პრინციპით, ანუ ყველა ოჯახთან უნდა მივიდნენ მობილური ბრიგადები, რომლებიც აუხსნიან, დაარწმუნებენ, მისცემენ ყველა კითხვაზე პასუხს, შემდეგ უკვე გაუკეთებენ ვაქცინას. მარტო მედიით გაჟღერებული და გარეთ ბანერები არ ჰყოფნის. ვამბობდი, რომ სექტემბერში ჩვენ გვექნება ბევრი ვაქცინა და არ გვეყოლება მსურველი. უკვე მივედით იმ მიჯნამდე, როდესაც ვიცოდით, რამდენ ადამიანს უნდოდა აცრა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 607 155-ს.
ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 383 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 578 881.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.