„ავიაბილეთებზე ჯავშნის გაუქმებით, მიხეილ სააკაშვილი არა მარტო ყოველდღიურ დილის კრუასანებს, სადილზე - ბორშს "პამპუშკებით" და საღამოს XXL ზომის "აჭარულს" შეუნარჩუნებს საკუთარ თავს, არამედ ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს თავის ყოფილ სამშობლოსაც.
უკრაინის სახელმწიფო მანქანის მუშაობაში მეტნაკლებად გათვითცნობიერებულმა ადამიანმა იცის, რაოდენ მოუქნელია, ბიუროკრატიული, უწყებათაშორისო ქიშპობით და დეცენტრალიზაციით გამოირჩევა, თუმცა რუსული/სლავური მენტალობის დიდი მცოდნის, ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი განმარტების თანახმად: "Русские долго запрягают, но быстро едут". ამის არაპირდაპირი, სხვათა შორის ჩემი ავტორობის, ქიზიყური ვარიანტი კი გვასწავლის: "ვირის სტარტერი - წიხლია". უბრალოდ პროცესების დაჩქარებას ყოველთვის სჭირდება ან მოტივაცია ან კატალიზატორი. ჩვენს განსახილველ შემთხვევაში - ეს წიხლი უკრაინულ ბიუროკრატიას სწორედ სააკაშვილმა ამოარტყა.
თაროზე იყო შემოდებული მეგის ქარდავას საქმე წლების განმავლობაში. უდარდელად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ყოველდღიური ურთიერთობები ჰქონდა მეგობრებთან: "კ.კ."-სთან, "დ.ჭ."-სთან, "გ.კ."--სთან...მის ირგვლივ, ზოგ უწყებაში სააკაშვილის მითითებით და მისი მაღალჩინოსანი დაქალი/ჩინოვნიკების მიერ თვეობით "იკარგებოდა" მნიშვნელოვანი მიმოწერა ქართველ კოლეგებთან, რიგ უწყებაში კი არც არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ ამ ქართველ "გასტროლიორზე" - მანამ, სანამ სააკაშვილის წიხლი მწარედ არ მოხვდათ.
ერთი მეორის მიყოლებით, უკრაინის "რეფორმატორმა" პირადი შეურაცხყოფების დონეზე ჩაწვდა ყველას - შსს-ს, საიმიგრაციო სამსახურს, უშიშროების სამსახურს, სასამართლოს. რეები არ უწოდა - კორუმპირებულებო, არაფრის მაქნისებო, მექრთამეებო, ნაძირლებო და ა.შ. ამ დროს, როდესაც შენი გასაკეთებელი საქმე სააკაშვილმა 90%-ით უკვე გააკეთა, საჭირო იყო ამ უწყებების ხელმძღვანელებისათვის ვიღაცას ეკითხა - "არ გიტყდებათ?", "თავმოყვარეობა არა გაქვთ?" - და მზერით, თაროზე შემოდებულ მეგის ქარდავას საქმეზე მიენიშნა. ასეთი მიმნიშნებელი ადამიანიც გამოჩნდა - საჭირო დროს და საჭირო ადგილას. დანარჩენი უკვე კოკისპირული, აქამდე არნახული სიჩქარით - უკვე "წიხლამორტყმულმა" უწყებებმა გააკეთეს, ყოველგვარ ბიუროკრატიაზე ფეხის გადაბიჯებით. და ამ გადაბიჯებაში - გაეროს კომისარიატიც გადალახეს და სტრასბურგის სასამართლოც.
თბილისის აეროპორტში, საფრენ ბილიკზე, მეგის ქარდავას ამბორის ადგილას ჯერ კიდევ არ დაუბრუნდა თავის ჩვეულ ადგილას შეწუხებული მტვერი - საკუთარი მარცხით შეურაცხმყოფილმა სააკაშვილმა უკრაინის ტელევიზიაში აიკაპიწა კიდური მორიგი წიხლის ამოსარტყმელად და დასცხო და დასცხო - საიმიგრაციო და უშიშროების სამსახურებს. იმ დონეზე დასცხო, რომ თავად უკრაინელებმა, საქართველოდან დიდი ჩარევის გარეშეც, იკითხეს...ამ ეტაპზე, უბრალოდ იკითხეს - "а что там кстати, по Кохта Кодуа?" - და ამით ჩვენი "სასარგებლო იდიოტი" კვლავ შეგვახსენეს.
პირადი, პოპულისტური გამოჩენის მანიით შეპყრობილ სააკაშვილს ენა რომ უსწრებს აზროვნებას - მინიმუმ 18-ჯერ ვართ შეჩვეული მხოლოდ საქართველოში მისი დაბრუნების ნაწილში. თუმცა ანალოგიური "ჰაია" მოუვიდა ქარდავასთან მიმართებაშიც - როდესაც ჯერ გასცა ბრძანება "გლავკანალის" ხაზით, მეგისის ექსტრადირება შეეფუთათ "პოლიტიკურ გარიგებაში", თითქოს უკრაინამ იგი განთავისუფლებული მეზღვაურების სანაცვლოდ გადმოგვცა. თუმცა მის გარემოცვაშიც აღმოჩნდა ორუჯრედიანი ბრძენი, რომელმაც შეახსენა - "ჰე..ვერაან! ამ მეზღვაურების განთავისუფლებისა და ამ პროცესის დაჩქარების საქმეში - შენ არ ტრაბახობდი, მე მივიღეო ლომის წვლილი. აბა დაგიჩქარებია "პოლიტიკური გარიგება". შენი ლოგიკით, ყოფილიყვნენ საქართველოს ციხეში და მეგისა დღემდე უკრაინაში გვეყოლებოდა..." ასე რომ, უმადურობაც არ გვშვენის - რაც აღსანიშნავია, არ უნდა დავუვიწყოთ, მასე გააგრძელოს“!