მონა აღარ არის პრეზიდენტი?! - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტების კითხვას, რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ახლა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ხოლო ერთპარტიული მმართველობა დასრულდება თუ არა, ეს საპარლამენტო არჩევნებზე გახდება ცნობილი.
„გახსოვთ, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ. ეს ერთი და მეორე - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე, ამას გულისხმობს ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, პრეზიდენტიც ალბათ, ამას გულისხმობდა,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.