ჩვენ ვნახეთ, 7 არჩევნების განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში იყო კვლევები, როდესაც ოპოზიციისა და ზოგიერთი მედიასაშუალების აზრით, „ქართული ოცნება“ აგებდა არჩევნებს და ამ დროს, საზოგადოების გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ ყოველთვის დარჩა ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ ორგანიზაციას, რომელიც ადგილზე აწარმოებს IPSOS-ის კვლევებს, სიმართლეც რომ გამოაქვეყნოს, ნდობა აღარ ექნება.
„იმდენად არაადეკვატურია მათი კვლევების შედეგები, რომ სწორადაც რომ გამოაქვეყნოს უკვე, სამწუხაროდ, იმ ორგანიზაციას, რომელიც ადგილზე აწარმოებს ამ კვლევებს, უკვე საზოგადოების ნდობა აღარ ექნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის მიხედვით, კითხვაზე: „შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“ პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 35%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 30%, „საქართველოსთვის - 9%, „ევროპული საქართველო“ - 4%, „ხალხისთვის - 4%, „ლელო“ - 3%, „მესამე ძალა“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“ - 3%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%, „დროა“ - 1%, „მოქალაქეები“ - 1%, სხვა პარტიები - 3%.