„ეს კონტრაქტი, ისევე, როგორც ძალიან ბევრი რამ, მემკვიდრეობით დამხვდა. ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი. ამაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ელაპარაკოს იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.
„როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს,ეს მეც მაწუხებდა. ეს სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება, ზოგადად, პროცესს; რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგსა და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდგომ ბედს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერი ამბობს, რომ მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა.
„ეს, წმინდად, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მათ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომპანია „ენკა“ საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს - 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამის მიზეზად დასახელებულია კონტრაქტში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული ვითარება.