გიორგი ვაშაძე IPSOS-ის კვლევაზე: თავს ნუ დავიმშვიდებთ, დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევებითაც ჩანს, რომ ცვლილებას მაქსიმალური აქტიურობა სჭირდება

გიორგი ვაშაძე IPSOS-ის კვლევაზე: თავს ნუ დავიმშვიდებთ, დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევებითაც ჩანს, რომ ცვლილებას მაქსიმალური აქტიურობა სჭირდება

ამ კვლევებით თავს ნუ დავიმშვიდებთ. დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევებითაც ჩანს, რომ ხელისუფლების ცვლილებას მაქსიმალური აქტიურობა სჭირდება, - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს IPSOS-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

ამასთან, ვაშაძე არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს რიგგარეშე არჩევნებისთვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

„შეიძლება მშვიდობიანი პროტესტი დაგვჭირდეს და ეს ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომლითაც უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს”,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე სუს-ის უფროსის პირველ კომენტარს და აღნიშნა, რომ „არავინ გადადგება” და უკანონობას გააგრძელებენ.

„ისინი ხალხს კი არ ემსახურებიან, ემსახურებიან საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს. არავინ არსად გადადგება, თუ 2 ოქტომბერს არ მივედით და ჩვენ არ გადავაყენეთ ეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, უკანონობას გააგრძელებენ. ვინმე ელოდით, რომ სუს-ი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უცებ სამართლიანი გახდებოდა და საკუთარ თავს დაიჭერდა ან დაკითხავდა? ამის მოლოდინი ნუ გვაქვს. ამიტომ ახლა ჯერი ჩვენზეა. არჩევნები ქვეყანაში არსებობს იმისთვის, რომ უკანონობებს გავცეთ პასუხი. ამიტომ შაბათს, 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ ყველა, გადავაყენოთ ლილუაშვილიც, ღარიბაშვილიც და ყველა მინისტრი. ისინი გავუყენოთ წარსულს, სადაც დაბრუნება არავის უნდა”,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ხმას კახა კალაძეს გამოკითხულთა 41% მისცემს, ნიკა მელიას - 36%, გიორგი გახარიას - 13%.