მედიასა და სოციალურ ქსელებში თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები ადელის ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, თუმცა ამ ყველაფერმა ოფიციალური სახე მხოლოდ მომღერლის პირად ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოების შემდეგ მიიღო.
ამ 33 წლის ბრიტანელმა მუსიკოსმა 19 სექტემბერს შთამბეჭდავ შავ-თეთრ კაბაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთაც რიჩ პოლთან ერთად გადაღებული სელფი მოსდევს. ფოტოების აღწერა მარტივი და ლაკონიურია: მხოლოდ გულის ემოჯი.
CNN-ის ინფორმაციით, 29 წლის რიჩ პოლი სპორტის სამყაროში ცნობილი აგენტია, რომელიც NBA-ის მოთამაშეებთან თანამშრომლობს, მათ შორის ლებრონ ჯეიმსთან.
ივლისში სწორედ NBA-ის ერთ-ერთ მატჩზე ადელი რიჩ პოლთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა, რაც ინსტაგრამზე ზემოთ აღნიშნული ფოტოს გამოქვეყნებამდე მათი ურთიერთობის შესახებ სპეკულაციების მთავარი მიზეზი იყო.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მომღერალი ადელი წინა პარტნიორს, საიმონ კონეცკს შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2019 წელს ოფიციალურად გაშორდა. მათ 9 წლის ვაჟი ჰყავთ, სახელად ანჯელო.
მართალია, მომღერლის პირად ცხოვრებაში მომხდარმა ამ მნიშვნელოვანმა სიახლემ ადელის მრავალი გულშემატკივარი გაახარა, თუმცა ბევრ მათგანს ისევ სტანჯავს ის კითხვა, თუ როდის გამოვა მისი შემდგომი ალბომი, რომელსაც უკვე ექვსი წელია, ელიან.
"სად არის ახალი ალბომი???" — წერენ კომენტარებში.
იმედია, შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ადელი უახლოესი მომავლისთვის გვიმზადებს, სწორედ ალბომის გამოსვლის თარიღი იქნება...