ვინ არის მონიკა ბელუჩისთვის მისაბაძი ადამიანი და როგორია 56 მსახიობის თვალით დანახული “იტალიური სილამაზე”

ვინ არის მონიკა ბელუჩისთვის მისაბაძი ადამიანი და როგორია 56 მსახიობის თვალით დანახული “იტალიური სილამაზე”

მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული იტალიელი დიზაინერების დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას მუზა მონიკა ბელუჩი დღეს ორი შვილის დედაა, მისი, როგორც მსახიობის კარიერა თითქმის ისეთივე წარმატებული და ეკლექტიკურია, როგორიც წლების წინ იყო.

წარმოგიდგენთ 56 წლის იტალიელი ლამაზმანის ინტერვიუს, სადაც ის კარიერულ წინსვლაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე გულახდილად საუბრობს.

ასაკის მატება მონიკასთვის არა მწუხარებასთან, არამედ გამარჯვებასთან ასოცირდება.

“იტალიაში ქალის სექსუალურობა და სილამაზე ჰაერში იგრძნობა, სადაც სხეულს სიტყვების გარეშე შეუძლია მეტყველება. დაბერების როცესს ძალიან ბუნებრივად ვხვდები. ჩემი ყოველი დაბადების დღე არის აღმნიშვნელი იმის, რომ ცოცხალი ვარ… მაგალითად, საფრანგეთში ქალის სილამაზე განსხვავებულად აღიქმება, იქ ფემინურობა ენერგიულობასთანაა დაკავშირებული და არა ასაკთან.”

“რა თქმა უნდა, არავის მოსწონს ასაკის მატება, რადგან ეს არის ბრძოლა, რომელიც ზუსტად იცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად უნდა წააგო… ვფიქრობ, ერთადერთი, რაც წლების გასვლის შემდეგ გვმატებს სექსუალურობას ეს არის გამოცდილება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიღებთ. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ არარელევანტურია, არ უნდა გვქონდეს  არასრულფასოვნების კომლექსი და არ უნდა ვფარავდეთ ნაკლოვანებებს.”

როგორია მსახიობის თვალით დანახულიიტალიური სილამაზე

“ჩემთვის იტალიური სილამაზე არის მიქსი თანამედროვეობასა და სექსუალურობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, იტალიელი ქალების თვალებში დრამატულობის ამოკითხვა მარტივად შეიძლება, რადგან უფრო ხშირად ისინი მიჩვეულები არიან იმეტყველონ თვალებით, ვიდრე სიტყვებით.”

რას ურჩევს მსახიობი 50 წელს გადაცილებულ ქალებს.

“დღეს ძალიან ბევრი პროცედურა არსებობს იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარ თავზე იზრუნონ და დაბერების პროცესი ოდნავ მაინც შეაფერხონ. პირადად მე, არავის არაფერს არ ვურჩევდი, რადგან ასაკის მატების პარალელურად მიმდინარე ტრანსფორმაცია ძალიან პირადულია ჩემთვის. ქალებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც თავად თვლიან სწორად და არა ის, რასაც საზოგადოება მიიჩნევს სწორად. დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრება ჩემი ასაკის ქალბატონებისთვის შედარებით პრივილეგირებულია. 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ათწლეულების წინ მუშაობის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, დღეს ქალებმა საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი დაცვა ისწავლეს. მინდა ყველამ დაიმახსოვროვს, რომ მთავარია ვნება და მონდომება ჩადო საკუთარ საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, ყოველთვის შეგიძლია ხელოვნება შექმნა. თუ მონდომებული ხარ, ყველაფერი გამოგივა.”

მოდის ინდუსტრიაში მუღვაწეობა მონიკას ინდივიდუალურობის აღმოჩენაში დაეხმარა.

“როგორც ყოველთვის ვამბობ, საკუთარი თავის გამოსახატად სხეული ძალიან მნიშვნელოვანია, მოდის ინდუსტრიაში მუშაობამ საშუალება მომცა საკუთარ თავთან კავშირი მეპოვნა. როდესაც მსახიობი ხარ, თითქოს გარკვეულწილად მოცეკვავეც ხარ, ამ დროს ყველაფერს სხეულის გავლით გამოხატავ, რადგან საკუთარი თავის ინსტრუმენტი თავად ხარ.”

“როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მიზიდავდა ნახატები და საინტერესო სურათები, რადგან ხელოვნების ნიმუშები ემოციებს ყოველთვის საუკეთესოდ გამოხატავდა კარგი წიგნის, ან საინტერესო სიუჟეტის მქონე ფილმის მსგავსად. მოდის ინდუსტრიაში მიღებული გამოცდილება სამსახიობო საქმიანობაში ძალიან დამეხმარა და ბევრი ახალი რამ მასწავლა. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ გადასაღებ მოედანზე მუშაობის დროს ყველაფერი დელიკატური, თუმცა ამავდროულად ძალიან ლამაზი უნდა იყოს.”

იტალიელი ლამაზმანისთვის საკუთარი ბებიები ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული ქალების სიმბოლოა.

“ბებიები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. ქალები, რომლებმაც ცხოვრებაში არსებული სირთულეების მიუხედავად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეძლეს. ისინი ჩემთვის დღემდე მისაბაძი მაგალითები არიან. ქალები რომლებიც ძალიან ძლიერები, ამავდროულად კი წარმოუდგენლად ფემინურები იყვნენ, საკუთარი ოჯახებისთვის წარმოუდგენლად ბევრს აკეთებდნენ.”

“ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი და დამოუკიდებელი ხარ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს პერიოდი, როდესაც უსუსური და დაუცველი ხარ. მახსოვს, ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა არის ის, რომელსაც საკუთარი თავის ძიებაში გადიხარ. ეს არის პერიოდი, რომელიც ყველაზე რთულია, თუმცა საკუთარი ღირებულებების, სიძლიერეებისა და სისუსტეების აღმოჩენაში აუცილებლად დაგეხმარება.”

რას გეგმავს მსახიობი ახლო მომავალში და დაინტერესებულია თუ არა განსხვავებული საქმიანობით.

“ნებისმიერ ინდუსტრიაში მუშაობა შეიძლება იყოს რთული, განსაკუთრებით ქალებისთვის. ზოგჯერ გხვდება ადამიანი, რომელიც ძალიან ჭკვიანი და ინტელექტუალია, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მუშაობა არანორმალურ ადამიანებთან გიწევს. განსხვავება, რაც გასულ ათწლეულებთან შედარებით დღეს იგრძნობა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ქალებმა ისწავლეს საკუთარი აზრის დაფიქსირება და პოზიციის დაცვა.”

“ექსპერიმენტების არასდროს მეშინია. ყოველთვის ვცდილობ ჩემს საქმიანობას რაიმე ახალი შევძინო. არასდროს უარვყოფ საკუთარ წარსულს, თუმცა არც აწმყოთი გამოვხატავ კმაყოფილებას. სულ ვცდილობ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო. როდესაც ვირჩევ როლს და უკვე ზუსტად ვიცი, რომ კონკრეტულ ფილმში მონაწილეობა მე უნდა მივიღო, ამ დროს მუზა ვხდები და თავს მთლიანად რეჟისორს ვანდობ.”

“გასულ წლებში, ფილმებისთვის თმის შეჭრა მომთხოვეს. ამ დროს საკუთარ თავს ვუთხარი: “რატომაც არა?”. ბევრი ადამიანისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს ამის დაჯერება, თუმცა, როდესაც ქალი თმის შეჭრას გადაწყვეტს, ამ დროს მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად იცვლება. ზუსტად ვერ გეტყვით ამას რა ჰქვია, რაღაც არაქვეცნობიერია. შეიძლება კონკრეტული მიზეზი ყოველთვის ცხადი არ იყოს, მაგრამ ამ დროს ქალის ცხოვრებაში გარდატეხა ხდება და სრულიად განსხვავებული, ახალი ფაზა იწყება.”