მას შემდეგ, რაც ინტერნერტ სივრცეში ჩანაწერები გავრცელდა, აქტიურად განიხილება საკითხი, ვინ ჩაწერა და ვის ინტერესში იყო მისი გავრცელება ახლა, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე, სულ რაღაც ორი კვირა დარჩა. ისმის ურთიერთბრალდებები და ამის ფონზე, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, იკვეთება სამი „დამნაშავე“: მთავრობის ყოფილი მეთაური გიორგი გახარია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და თავად „ქართული ოცნება“.
ფაქტია, ამ ჩაწერების გაკეთება და მისი გავრცელება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა და მან, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურიდან გამოჟონა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამან არა მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ, არამედ მის წინააღმდეგ იმუშავა.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, რაზეც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია“.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მელიას ამ განცხადებას იმით ხსნის, რომ ოპოზიციონერ ლიდერს არ უნდა დრო დაკარგოს და სურს, ამომრჩეველთან მეტი კომუნიკაცია დაამყაროს.
„შესაძლოა ნიკა მელია პრიოპიტეტს ანიჭებს ამომრჩეველთა შეხვედრას და ურჩევნია, ამ ეტაპზე არ დაკარგოს დრო, შეძლოს და ამომრჩეველთან მაქსიმალური კონტაქტი დაამყაროს, გააცნოს თავისი ხედვა“, - განაცხადა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ რიგგარეშე სხდომის ჩატარება და სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარება 2 ოქტომბრამდე, „ქართული ოცნების“ ინტერესში არ არის, რადგან „პოლიტიკურმა დუღილმა შესაძლოა აიწიოს“. მისი თქმით, ლილუაშვილის მოსმენა შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაიმართოს.
„ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ სხდომა გაიმართება არჩევნების შემდეგ. ეს იმას მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, არ გაურბის ამ სხდომის ჩატარებას, საკითხია, როდის ჩატარდება ეს სხდომა - არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ამ სხდომის არჩევნებამდე ჩატარება, რადგან სხდომაზე აიწევს პოლიტიკური ტემპერატურა, იქნება მწვავე გამოსვლები, ხელისუფლების დადანაშაულება და ოპოზიცია იტყვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია, ხელისუფლება ვერ მუშაობს და ა.შ.
ბატონი ხაზარიძის კეთილშობილური მიზნებით შეფუთული ინიციატივა მეორე მიზანსაც ისახავდა, რომ მომხდარიყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სტიგმატიზაცია. „ქართული ოცნება“ კი დიდი ალბათობით, ამაზე არ წავიდოდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს იდეა ჩაიძირა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
რა შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ანჯაფარიძის თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა, გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი და სავარაუდოდ, მმართველი ძალის კონკრეტული ჯგუფია გარეული აღნიშნულში, არ იზიარებს. ანალიტიკოსის განცხადებით, თუკი ამ ვერსიას განვავითარებთ, გამოდის, რომ ადგილი აქვს პირად შურისძიებას:
„რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებ ამ საკითხის ირგვლივ, უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. უპირველესი ეჭვი არის ის, რომ ეს ფაილები შეიქმნა სუს-ში, მაგრამ ხომ შეიძლება დავუშვათ, რომ ამ ადამიანებს უსმენდნენ სხვებიც. დღეს არის ტექნიკური საშუალებები, რომ ადამიანებს არაოფიციალურადაც მოუსმინო. თითქოსდა ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის სუს-იდან გამოსული ფაილები, თუმცა, დაველოდოთ გამოძიებას. ეს ფაილები გამოქვეყნდა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. სავსებით გასაგებია, რომ ავტორის მიზანი იყო, პოლიტიკურად და რეპუტაციულად, დაეზიანებინა „ქართული ოცნება“, რადგან ცხადია, რომ მას დაბრალდებოდა ეს ყველაფერი. სავსებით გამიზნული მოქმედებაა.
შიდა უთანხმოება არის ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციაში. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არის უთანხმოება და არ გამოვრიცხავ იმას, რომ „ქართულ ოცნებაშიც“ იყოს რაღაც საკითხებზე ერთმანეთთან დაპირისპირება, მაგრამ ის, რომ ვიღაცას ასეთი მეთოდისთვის მიემართა, ეს იგივეა, „ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლო“. თუკი მართლაც ასე მოხდა, თვითონ რა მოიგო ამის გამკეთებელმა? პირადი შურისძიება? საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს იმით, რომ „ქართული ოცნება“ დააზიანა? - ახსნა ეს აქვს, რომ პირადი შურისძიებისთვის ასეთი რამ გააკეთა. პოლიტიკურად, რა ბენეფიტები უნდა ჰქონდეს ამით? ასეთ ინფორმაციაზე ხელი შეზღუდულ პირთა წრეს მიუწვდება. ასე რომ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ კონკრეტულ ლიდერებს გამოექვეყნებინათ ეს ჩანაწერები. მისი თქმით, არ შეიძლება ამის გავრცელება „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალო, რომელიც 9 წელია ხელისუფლებაში არაღაა და არც ხელი მიუწვდება მსგავს მასალებზე.
„ამ ჩანაწერებზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, არის „ქართული ოცნება“, რადგან მისი ხელისუფლების დროს მოხდა ეს ყველაფერი. „ნაცმოძრაობაზე“, როდესაც მიდის საუბარი, რომელსაც მართვის სადავეები არ გააჩნდა 9 წლის განმავლობაში, ის ვერანაირად ვერ გაავრცელებდა ამ ჩანაწერებს, მათ წვდომა ფიზიკურად არ გააჩნიათ.
რაც შეეხებბა გახარიას გუნდს, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი, იმ დროს კონკრეტული ინფორმაცია იქნა ატვირთული, ეს შესაძლებელია. თუმცა მსგავსი ჩანაწერები მაშინაც იყო გავრცელებული, როდესაც გახარია არ გახლდათ პრემიერ-მინისტრი. გამოქვეყნება, საერთო ჯამში, საქართველოში არავის ინტერესში არ უნდა იყოს, რადგან ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ის ფაქტი, რომ დიპლომატებსაც უსმენდნენ, ეს არის საერთაშორისო სკანდალი, რაც არ არის კარგი. არც ის არის გამორიცხული, რომ უცხო პირი იყოს, ან „ოცნების“ შიგნით, ანდა გახარიას ჰქონოდა წვდომა ფაილებზე“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.