მეგის ქარდავა საქართველოში მის ექსტრადირებას პოლიტიკურ გარიგებას უკავშირებს და მის მიმართ გამოტანილი ყველა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. მსჯავრდებულმა ჯერ არ იცის მიიღებს თუ არა აქტიურად მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში, მაგრამ მემუარების წერა უკვე დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყველაზე სასტიკი დამნაშვე წერს, რომ ხელოვნურად აგორებული კამპანიისა და ვნებათაღელვის ჩასაცხრობად, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს.
განცხადებაში, რომელსაც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან აქვეყნებს, ქარდავა წერს, რომ მხოლოდ გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში გასცემს ყველა ბრალდებას პასუხს. მსჯავრდებული თვლის, რომ მისი ექსტრადირება წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა.
„ნაცვლად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია ინარჩუნებდეს ერთიანობას და მთელს რესურსებს ახმარდეს პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციას, გამუდმებით, თავგანწირვით ჩივიან ტელე-ეკრანებიდან, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გაუქმებულია, რაც ასეა, მაგრამ არწმუნებენ მოსახლეობას თითქოსდა ჩემთან და ჩემს თანამებროლებთან მიმართებაში აღმოჩნდა პუტინის ოლიგარქის სასამართლო დამოუკიდებელი, ოლიგარქის „პრ-ა-კურატურა“ - პროკურატურა, ხოლო გეგმაზომიერად წარმოებული რუსული პროპაგანდა კი ჭეშმარიტება.
ამ უსინდისო ორმაგი სტანდარტის მიზანი მარტივია, საქართველოს მართავს მოღალატეებისგან, კორუმპირებული პოლიტიკური პროსტიტუტებისგან შემდგარი პოლიტიკური კლასი, რომელიც სხეულით გრძნობს და ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან“, - წერს მეგის ქარდავა.
ამასთან, მეგის ქარდავას თავის ვრცელ მემუარში არ გამორჩენია გიგი უგულავა, რომელსაც კორუმპირებულს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს საბჭოთა ადამიანს უწოდებს და წერს: „აქვე მინდა გამოვეხმაურო კორუმპირებული გიგი უგულავას, საბჭოთა ადამიან მამუკა ხაზარაძეს და მათი კოლეგების ჩემთან მიმართებაში გაკეთებულ მორალურად გახრწნილ და ცილისმწამებლურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. პოლიტიკური დევნის პროცესში თქვენთვის წაყენებულ ბრალდებებს მოტივად გასდევს კორუფცია, ანგარება. ჩემს წინააღმდეგ ასევე პოლიტიკური დევნის პროცესში წაყენებული ბრალდებების მოტივი კი იყო და მუდამ იქნება „საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“.
მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
„ორდენოსანი“ ქარდავას შრომითი ბიოგრაფია დამძიმებულია გახამურებული სისხლის სამართლის საქმეებით, მათ შორის არის მალხაზ არქანიას საქმე, რომელმაც გაბედა და საგანგებოდ დაწერილ წერილში ერთ-ერთმა, პირველმა ილაპარაკა ქართული ციხის სისასტიკეზე.
მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის დააკავეს ენგურის ხიდზე და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. არქანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისგან წამებისა და არადაამიანური მოპყრობის სანაცვლოდ ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, რომ თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში.
მსჯავრდებულმა მალხაზ არქანიამ 2011 წლის 22 ივნისს წერილობითი ახსნა-განმარტება დაწერა სახალხო დამცველის სახელზე, რომელშიც ვკითხულობთ:
„№8 საპყრობილეში შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში.
ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.
ამის შემდეგ დავწერე აღიარებითი ჩვენება. ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა - „მ......თ, მაგის დედა ვატირე!“, - წერს მალხაზ არქანია.
ასევე, 2011 წლის სექტემბრის თვეში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ თავდაცვის სამინისტროს ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს, თადარიგის პოლკოვნიკს, სერგო თეთრაძეს და მოქალაქეებს - სერგეი ჩაპლიგინს და გიორგი გორელაშვილს.
ცემისა და წამების დროს, ბაჩანა ახალაიამ ამოიღო იარაღი, მიაბჯინა სახეზე ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს და მოკვლით დაემუქრა. ლონდარიძე არ აღიარებდა დანაშაულს, ახალაია კი აგინებდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
როდესაც ცემისაგან დაუძლურებულ დავით ლონდარიძეს მეგის ქარდავა სექსუალური ძალადობით დაემუქრა, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დათანხმებულიყო და ეღიარებინა, თითქოსდა იგი ეწეოდა ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ. მორიგი იძულებითი აღიარების მიღების მიზნით, მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ბაჩანა ახალაიასთან შეთანხმებით, გიორგი გორელაშვილს მთელი დღის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
კერძოდ, სისტემატიურად სცემდნენ პლასტმასის მილით, ემუქრებოდნენ, რომ მავთულის საჭრელი მაკრატლით თითებს დააჭრიდნენ; თან მაკრატლით თითის მოჭრის იმიტაციასაც აკეთებდნენ. შემდგომ ყელზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა და აიძულებდნენ ოთხზე ეხოხა შენობის დერეფანში. მას შემდეგ, რაც დარწმუნდენ, რომ გიორგი გორელაშვილი არ აღიარებდა არჩადენილ დანაშაულს, იგი როგორც „ჯაშუშობაში“ ბრალდებული გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
აღნიშნულმა პირებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ასევე სასტიკად აწამეს სერგო თეთრაძე. მას თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას. სერგო თეთრაძემაც, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძლიერი ფიზიკური ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, ბაჩო ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან ერთად ორგანიზება გაუკეთა სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას.
ბაჩო ახალიას დავალებითა და გეგმის მიხედვით 2011 წლის 23 სექტემბერს მე-8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა ალექსი ტერაშვილმა და თამაზ სისაურმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე for.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ აღიარებითი ჩვენების დაწერამდე სამხედრო პოლიციაში სპეციალურად მოწყობილ ე.წ. „აბივკებიან“ ოთახში აწამეს. მისი თქმით, მის წამებაში ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძეთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა კუდ-ის ხელმძღვანელი დათა ახალაია. მისივე განცხადებით, დათა ახალაიამ ერთ-ერთი წამების შემდეგ უთხრა, რომ თუ აღიარებდა, რომ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობდა“ მისი ძმა, მას არ მოკლავდა.
როგორც ლონდარიძე ამბობს, მაღალჩინოსნები ლონდარიძით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, დავით ლონდარიძის დედის კუთვნილება იყო. ლონდარიძე 2011 წლის ივნისში დაიბარა მეგის ქარდავამ და მოსთხოვა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 50 ათასი დოლარი იყო, მათთვის დაეთმო. ლონდარიძემ დედის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი ქარდავას არ დაუთმო.
„ყოველ 15 წუთში შევყავდით ქარდავას კაბინეტში, ის ითხოვდა მეღიარებინა ჯაშუშობა. უარზე ვიყავი, გამიყვანდნენ და გრძელდებოდა ცემა. 16 სექტემბერს დილით რომ დაიწყეს ჩემი ცემა, საღამომდე გრძელდებოდა. შემდეგ მოვიდა ბაჩო ახალაია, იკითხა, რას შვრებით, აღიარებინეთო? - ქარდავამ უპასუხა, არა, არაფერს არ ამბობსო. ამის მერე ახალაიამ დამიწყო გინება. პისტოლეტი ეკავა ხელში და თავში ჩამარტყა. გააღე პირი, შენიო ..... და ლულა ჩამიდო პირში, აღიარე ახლავე, შენი დედა ..... თორემ შუბლს გაგიხვრეტო.
უკვე იმ დონეზე ვიყავი მისული, პისტოლეტი გადატენილი რომ ჰქონოდა, ვწვდებოდი ხელში და გავასროლინებდი, თავს მოვიკლავდი და მორჩებოდა წამება. აღარ შემეძლო, ისეთ დღეში ვიყავი. ახალაია ყვიროდა, გაიყვანეთ ეს დედა... თორემ მომეკვლევინებაო. ისე მცემეს, რომ ნამსხვრევებად ვიყავი ქცეული, ფეხზე ვერ ვდგებოდი, სისხლში ვცურავდი. შემიყვანეს ისევ ქარდავას ოთახში.
ქარდავა მეკითხება - კიდევ არ აღიარებო? რაზეც ვუპასუხე - რა ვაღიარო, გამორიცხულია, არ ვაღიარებ-მეთქი.
მაშინ ქარდავამ ბიჭებს დაავალა, შემოიყვანეთ „მეტრაკეო“ და ეგრევე მომვარდა 2 ბიჭი და შარვალი ჩამხადეს. ეს ხდებოდა ქარდავას კაბინეტში. თვითონაც იქ იყო. შარვალი ჩამხადეს და გადამაწვინეს მაგიდაზე. მაშინ ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, ესენი არანორმალურები არიან და მართლა გააკეთებენ-მეთქი და ვუთხარი ქარდავას, ეს არ გამიკეთოთ და რაც გინდათ ყველაფერზე ხელს მოვაწერ-მეთქი. ამით დამითანხმეს აღიარებაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ლონდარიძე.
ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ სისასტიკის, რომლითაც მდიდარია ქარდავას ბიოგრაფია. აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და გასამართლებულნი არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების თანამშრომლები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია, თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მეგის ქარდავა რომ თავისით არაფერს აკეთებდა და შემკვეთები იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ამის შესახებ საუბრობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომლიც იმედს იტოვებს, რომ ჩამობრძანდება სააკაშვილი და ქარდავას გზას გაუდგება.
„ამ შემთხვევაში შედგა გარკვეული შეხვედრები, იყო კომუნიკაცია, თანამშრომლობა მეგობარ სახელმწიფოსთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან და ამის საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურების მიხედვით განხორციელდა იმ პირის ექსტრადირება საქართველოში, რომელიც არის ბრალდებული და მსჯავრდებული უამრავ უმძიმეს დანაშაულში.
მე მგონია, რომ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, საბოლოო ჯამში, პასუხი აგონ მთავარმა დამნაშვეებმა, ესენი არიან შემკვეთები. მეგის ქარდავა თავისით არაფერს აკეთებდა. მთავარი შემკვეთები, ბუნებრივია, იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები. რა თქმა უნდა, მთავარია მათი პასუხისმგებლობა. იმედია, თავისი ფეხით ჩამობრძანდება მიხეილ სააკაშვილი და გაუდგება იმ გზას, რომელსაც მეგის ქარდავა გავუყენეთ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.