შალვა პაპუაშვილი: არის მოლოდინი, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო ორი კვირა დაძაბული იქნება

შალვა პაპუაშვილი: არის მოლოდინი, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო ორი კვირა დაძაბული იქნება

თვენახევრის წინ მშვიდ ვითარებაში დაიწყო საარჩევნო კამპანია, თუმცა მოსალოდნელი იყო ტემპერატურის მატება. ოპოზიცია ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აწიოს ტემპერატურა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიდის, ვგულისხმობთ, რომ არაა ინციდენტები, თუმცა ამავე დროს ვხედავთ, რომ ოპოზიცია არანაირ კამპანიას არ აწარმოებს. არც რეგიონებში ხვდება მოსახლეობას, არ ესაუბრება მათ საჭიროებებზე. ერთადერთი კამპანია რასაც ვხედავთ, ესაა მედიაკამპანია, რომელიც ზიზღის და დეზინფორმაციის კამპანიაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ ბოლო ორი კვირა იქნება დაძაბული. „წინა არჩევნებზეც გვახსოვს „ქართული ოცნების“ შტაბთან მიდიოდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და იქ ხდებოდა ინციდენტების პროვოცირება. დღეს რაც მოხდა, პირდაპირ შტაბში შევიდნენ, შენობაში და იქ ცდილობდნენ პროვოცირებას და შემდეგ ვნახეთ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელვაჩაურში „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი მიხეილ ბოლქვაძე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მივიდა პროვოკაციის მოსაწყობად. რაც ყველანაირ პოლიტიკურ თუ ადამიანურ ეთიკას სცდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.