ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს. ნატალია ოთხმეზურის შემდეგ, რომელმაც კონტრაქტი NCAA-ის პირველი დივიზიონის Southern Utah-ს უნივერსიტეტთან გააფორმა, საკალათბურთო კარიერას ამერიკაში გააგრძელებს ელენე ილურიძეც. განსხვავება ისაა, რომ ელენეს კონტრაქტი NCAA-ის მეორე დივიზიონის გუნდმა – Tyler Patriots-მა გაუფორმა.
ქართველი მოთამაშის გუნდში აყვანის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ტაილერის” მთავარმა მწვრთნელმა რებეკა ალვიდრესმა: “ელენე შრომისმოყვარე კალათბურთელია. მოხარულები ვართ იმ მცველის დამატებით, რომელსაც თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. ელენეს პლიუსია მისი საერთაშორისო გამცდილებაც. ილუირიძის შემატებით გუნდის თავდაჯერებულობა აშკარად გაიზრდება”.
ელენე 21 წლისაა. მან საქართველოს ნაკრებში ითამაშა 2016 წელს, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის C დივიზიონში, სადაც მისი საშუალო მონაგარი 9.2 ქულა, 1.4 მოხსნა და 3.0 პასი იყო, ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საშუალოდ კი 3.4 ქულას, 2.8 მოხსნასა და 1.1 პასს აგროვებდა.