გასული წლის დასასრულს ცნობილი ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება კლუბის მფლობელმა, ჩუკოტკის ყოფილმა გუბერნატორმა რომან აბრამოვიჩმა ერთპიროვნულად მიიღო.
საინტერესოა, რომ ახალი თავკაცი გუნდის თაყვანისმცემლებმა ცივად მიიღეს და ეს ადამიანი დღემდე გულზე არ ეხატებათ.
ორი თვის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მიმდინარე სეზონის დასასრულს ესპანელი თანამდებობას აუცილებლად დატოვებს. მის მთავარ ამოცანას, „ჩელსისთვის“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების საგზურის მოპოვება წარმოადგენს.
დღეს დილით გამოცემა „Goal.com” რაფაელ ბენიტესს ესაუბრა. მწვრთნელის მტკიცებით, მომავალ სეზონში კვლავ ინგლისში იმუშავებს და სათავეში პრემიერლიგის ერთ-ერთ ძლიერ გუნდს ჩაუდგება.
„რასაკვირველია სამწუხაროა რომ „ჩელსიდან“ წასვლა მომიწევს. მწვრთნელის ბედი ყოველთვის გუნდის მეპატრონის ნებაზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ ლონდონურ გუნდში ნაყოფიერად ვმუშაობ და ჩემს ხელში „ჩელსი“ ახლებურად ათამაშდა.
მინდა განვაცხადო, რომ მომავალ სეზონში კვლავ ინგლისში ვიმუშავებ. რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დამიკავშირდა და სამსახური შემომთავაზა. ამ გუნდების სახელებს გარკვეული მიზეზების გამო ჯერ ვერ დავასახელებ. ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ერთს კი ვიტყოდი, რომ საუბარი მდიდარი ტრადიციების მქონე ორ კლუბზეა. ამათგან რომელიმეში უახლოეს თვეებში მიხილავთ.“ - განაცხადა რაფაელ ბენიტესმა.