სვენ მიქსერი: ყველა პოლიტიკოსმა, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს

სვენ მიქსერი: ყველა პოლიტიკოსმა, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს

ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, ვინც ახლა ქვეყნის გარეთ იმყოფება, თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს, - ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესში პოლიტიკური ტემპერატურა ისედაც მაღალია და მდგომარეობის ესკალაცია არ არის ქართველი ხალხისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების ინტერესში.

„საერთაშორისო საზოგადოება, ევროპარლამენტი ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალყურს პროცესებს. ადგილობრივ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნების შედეგები მომავალი პარლამენტის ინდიკატორი იქნება და დაკავშირებულია მიშელის დოკუმენტთან. ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყველაფერს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლას, არ მინდა სპეკულაციები ამ თემაზე. ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ყველაზე სწორი ქმედება იქნება მოწოდება სიმშვიდისაკენ. ყველამ ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო დამკვირვებლებს მონიტორინგში, რადგან მათ უნდა დადონ დასკვნა და არჩევნების შემდეგ ყველამ პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს. მე მოვუწოდებ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამატებით ესკალაციას გამოიწვევს. არ მგონია, ქართველ ხალხს სურდეს ისევ ქუჩის აქციები, ძალადობა, დაძაბულობა, სიძულვილის ენის გამოყენება. ვფიქრობ, ქართველ ხალხს სურს იმის აღსრულება, რაზეც შეთანხმება შედგა. ევროკავშირმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო საქართველოში კრიზისის დროს მედიაციით და ჩვენ გვსურს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება. ჩვენ ვიყავით კრიტიკული, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები არ აწერდნენ ხელს მიშელის დოკუმენტს და ვიყავით კრიტიკულები, როდესაც მმართველი პარტია შეთანხმებიდან გავიდა. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ იმ მოწოდებებში, რომ ყველამ კონსტრუქციული როლი და მისია შეასრულოს და ემსახურონ ქართველ ხალხს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონკრეტულად არაფერი უთქვამს.