პანდემიის ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და სპეციალისტები მთავარ ხსნად ვაქცინას მიიჩნევენ, მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად მძიმე ეპიდემილოგიური მდგომარეობისა, ერთგვარ კამპანიასა და ანტივაქსერულ მოძრაობებს აწარმოებენ. თუმცა, ფაქტია, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და გარდაცვალების მაჩვენებელი რაც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფიქსირდება, საგანგაშოა და კაცობრიობა ამ მდგომარეობაში მეორე წელია ცხოვრობს.
ბევრი შიშობს, რომ ვაქცინა ბუნებრივ იმუნიტეტს თრგუნავს და ვაქცინაციის შემდეგ, ხელოვნური იმუნიტეტი მოქმედებს, რომელიც დროთა განმავლობაში სუსტდება. ამიტომაც, ხდება საჭირო სისტემატურად ვაქცინაცია, რასაც სპეციალისტების ნაწილი ანტივაქსერების მორიგ მითს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ვაქცნა ადამიანის იმუნიტეტს არა თუ ასუსტებს, არამედ აძლიერებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 12 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 491 371 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 897 427 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.4%-ს შეადგენს. სრულად ვაქცინირებულია 593 944 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 20.8%-ია. ამასთან, 11 სექტემბერს 21 199 ადამიანი აიცრა. თუმცა, მედიკოსების შეფასებით, აღნიშნული არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში დასტაბილურდეს და საზოგადოება ნაწილობრივ მაინც დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას.
აცრის შედეგად ბუნებრივი იმუნიტეტის შესუსტების შესახებ გამოთქმულ მოსაზებას ანტივაქსერების მორიგ მითს უწოდებს ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე. როგორც მან For.ge-სთან აღნიშნა, სწორედ ვაქცინაცია არის გამოსავალი იმისა, რომ მსოფლიომ ეს პანდემია დაამარცხოს.
რაც შეეხება ვაქცინის დოზის შესაძლო დამატებას, ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ორჯერადად აცრა შესაძლოა არ იყოს საკმარისი ანტისხეულების გამომუშავებისთვის. მისივე განცხადებით, ეს არანაირ კავშირში არ არის ზემოთ აღნიშნულ ერთგვარ მითთან.
„იმუნიტეტის გაძლიერება მოითხოვს გარკვეულ ენერგიას. როდესაც ადამიანი ვაქცინირებულია, მით უმეტეს მას თუ გვერდითი მოვლენები ახასიათებს, ასეთი ადამიანები უფრო მეტად უნდა ცდილობდნენ, რომ თავი დაიზღვიოს. ვაქცინა ავითარებს მხოლოდ სპეციფიურ იმუნიტეტს. „ფაიზერის“ ვაქცინა ავითარებს როგორც სპეციფიურ იმუნიტეტს, ანუ კოვიდის საწინააღმდეგოს, ასევე არასპეციფიურ იმუნიტეტს და ადამიანი მაქსიმალურად დაცულია ამ დროს.
საუბარი იმის შესახებ, რომ პერიოდული ვაქცინაციაა საჭირო, რადგან შეიძლება ორგანიზმმა ვერ გამოიმუშაოს იმ რაოდენობით იმუნური ანტისხეულები, როგორიც საჭიროა, ეს ინდივიდუალურია, ადამიანების რაღაც რაოდენობას, მიუხედავად ორჯერადად აცრისა, შესაძლოა, იმდენი ანტისხეული არ ჰქონდეს. ამიტომ, გარანტიას არც ერთი ვაქცინა არ იძლევა. ასე რომ, ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან ეს არის ერთადერთი გზა კოვიდისგან თავდასაცავად, სხვანაირად არ გამოვა არაფერი, სანამ არ შეიქმნება ანტიკოვიდური პრეპარატი, მანამდე შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ, ვაქცინამ გადაარჩინოს ადამიანი და კაცობრიობა.
ვინც აიცრება, ის მაქსიმალურად დაცული იქნება. აბსურდია ის, რომ ვაქცინა თრგუნავს ბუნებრივ იმუნიტეტს, პირიქით, - ვინც მაგალითად „ფაიზერით“ აიცრა, გარკვეული პერიოდი არ ემართება სხვა ვირუსული ინფექცია. ანტივაქსერები ახლა გადავიდნენ იმუნიტეტის დაქვეითებაზე. ამ დროს გავიხსენოთ, რომ მთავარი ანტივაქსერი ამერიკაში, ცოტა ხნის წინ დაიღუპა კორონავირუსით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ამავე პოზიციაზეა ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაქცინის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეული, რომელიც კორონავირუსს ებრძვის.
მისივე თქმით, კავშირი ბუნებრივი იმუნიტეტის შესუსტებასა და აცრას შორის არ არსებობს და არც იმ მოსაზრებას იზიარებს, თითქოს ვაქცინის შემდეგ, ხელოვნური იმუნიტეტი მოქმედებს, რომელიც, დროთა განმავლობაში სუსტდება.
„საერთოდ არ ხდება ასეთი რამ. ეს ანტივაქსერული მითებია, რომ თითქოს აცრის შედეგად შესაძლოა იმუნიტეტი დაქვეითდეს, ეს ანტივაქსერების მანიპულაციაა, რომელიც შეიძლება გაუთვითცნობიერებელ ადამიანებზე მოქმედებდეს. ჩვეულებრივ იმუნიტეტის პასუხი არის ორგანიზმის მიერ გარედან შემოსულ ანტიგენზე, ეს იქნება ანტიგენი ვაქცინით შეყვანილი, თუ ვირუსით გადაცემის შედეგად - პასუხი, თავისი არსით, ერთი და იგივეა იმუნური სისტემის. შესაბამისად, ბუნებრივი და ხელოვნური იმუნიტეტი - ეს არის სიტყვებით თამაში.
ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხი უფრო მორგებულია ვირუსზე, ვიდრე ინფექციით გადატანის შედეგად. იმუნიტეტი სხვადასხვა ტიპის არის, უფრო ზოგადი ანტისხეულები წარმოიშვება ვირუსის გადატანის შედეგად, ხოლო ვაქცინის შეყვანის შემდეგ უფრო სპეციფიური ანტისხეულები - მხოლოდ ეს არის განსხვავება. კიდევ მეორე მითი არის, რომ ორი კვირის განმავლობაში ადამიანს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს ვაქცინის ჩატარებიდან, ესეც მორიგი სისულელე“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ ვაქცინაცია ადამიანების ერთგვარი დამორჩილებისთვის არის შექმნილი, რომ ამა თუ იმ ხელისუფალმა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. იგი ეწინააღმდეგება ვაქცინაციას და აღნიშნავს, რომ „წმინდა წყლის სისულელეა“ თითქოს აუცრელი ადამიანი აცრილს საფრთხეს უქმნის.
„აბსოლუტურად დაუშვებელია მასობრივი ვაქცინაცია, მით უმეტეს ძალდატანებითი ვაქცინაცია, მრავალი მიზეზის გამო. საქმე გვაქვს პირდაპირ ღია ძალადობასთან, ძალადობის მცდელობასთან. აქ საკითხი არ ეხება ეპიდემიასთან ბრძოლას, საკითხი ეხება სწორედ პოლიტიკური კონტროლსა და ეკონომიკურ მიზნებს, - ასევე სხვა მიზნების მიღწევის მეთოლოგიებს, რომელთაც სრულიად უსირცხვილოდ ახორციელებენ. საუბარი, რომ ამდენი ადამიანი იღუპება, ჩიხია და სხვა გამოსავალი არ არის, - ეს არის „ჩინური“ ტყუილი და სისულელე. რაც შეეხება შიშისგან გონწართმეულ პუბლიკას, მათ აქვთ თავიანთი არჩევანი, ძალადობა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც არის მიუღებელი.
იდიოტურია ის ნარატივი, ვიღაცა რომ არ იცრება, ის აცრილს უქმნის საფრთხეს, ეს არის წმინდა წყლის სისულელე, ამით მანიპულირებენ ის ძალები, რომელთა დაქვემდებარების ქვეშ არიან ლოკალური მთავრობები და ეუბნებიან აცრილებს, „თქვენ იმიტომ არ გაძლევთ თავისუფალი ცხოვრების საშუალებას, რომ ვიღაცები არ იცრებიან,“ თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს სრულიად საწინააღმდეგოს, ის ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტია აცრილი, ყველაზე მეტად არიან ჩაკეტილი და ყველაზე მეტი პრობლემა იმათ აქვთ. მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს იმას, რომ აცრილების რაოდენობის ზრდა პირდაპირ პროპორციულია ავადმყოფობის გავრცელებასთან მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა For.ge-სთან სოსო მანჯავიძემ.
ფსიქოლოგი და ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ანტივაქსერულ მოძრაობაში შესაძლოა მიზანმიმართულად დაფინანსებული ჯგუფები მონაწილეობდნენ, რომლებიც სულ უფრო მეტ ადამიანს „ითრევენ,“ თუმცა, მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომელთაც უცხო მოვლენის მიმართ შიში აქვთ.
„უცხო მოვლენის შიში არის, რადგან ვაქცინის გამოყენების ისტორიაში ყველა ეტაპზე, ანტივაქსერული მოძრაობა ჩნდებოდა, ეს არ არის კოვიდის თანმხლები მოვლენა. ორგანიზმში უცხო სხეულის შეყვანის მიმართ არის ხოლმე ეს დამოკიდებულება. ანალოგიური დამოკიდებულებაა ზოგიერთ ადამიანში და რელიგიურ ჯგუფებშიც ეს არის გამეფებული, რომ ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა საკუთარ ორგანიზმში მიუღებელია, ზოგიერთები წამალზეც უარს ამბობენ, ანუ ყველაფერ იმაზე, რასაც მედიცინა კარნახობს.
ზოგადი ტენდენციების ფონზე, ყველაზე უმტკივნეულო არის ანტივაქსერული მოძრაობა და მან ყველაზე დიდი გავრცელება ჰპოვა საქართველოშიც და უცხოეთშიც. ჭორი ხშირად არის ანტივაქსერული განწყობების წინა საფუძველი და ამის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ხელოვნურად ხელშეწყობილი პროცესიც არის“, - თქვა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანები ვერ გარკვეულან, რა გააკეთონ, ხოლო მთავრობას საზოგადოებასთან კომუნიკაციის და განმარტების პრობლემა აქვს და მნიშვნელოვანია ამ კუთხით მუშაობა.
„საზოგადოებასთან კომუნიკაციის და განმარტების პრობლემა დღეს რეალურად არსებობს, რადგან მხოლოდ მოწოდება, რომ „გაიკეთეთ ვაქცინა“ და ძახილის ნიშანი ბოლოში, არ არის დამარწმუნებელი. ნდობა თუ არის იმის მიმართ, ვინც ამას ამბობს, კარგია, თუ არ არის ნდობა? - ქართულ საზოგადოებაში და არც დასავლეთი აკლებს ამ მხრივ, არაფრის მიმართ არ არის ნდობა.
ციფრებით უნდა იყოს ნაჩვენები და უკვე გაჩნდა ასეთი რაღაც, რომ ვაქცინირებულს თუ შეეყარა კოვიდი, გაცილებით მსუბუქი ფორმით აქვს და სიკვდილიანობა ნაკლებია. ვაქცინის გარეშე, ადამიანებში კოვიდი უფრო მძიმე სურათს იღებს და ა.შ. იმდენად არაპროგნოზირებადია ეს კოვიდი, ეს რიცხვები უნდა იყოს გამოდებული ყოველ მოსახვევში და ჩაჭედილი ადამიანთა ცნობიერებაში, თუ გვინდა, რომ გავლენა მოვახდინოთ მათ განწყობებზე“, - განაცხადა საყვარელიძემ For.ge-სთან.