უკრაინაში, მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე ვიტალი პისანცი კიევის ოლქის სოფელ პოგრებში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. უკრაინული მედია წერს, რომ 53 წლის მოსამართლე გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სახლში სტუმრებს მასპინძლობდა, თუმცა ვინ იყვნენ პისანცის სტუმრები და რა კავშირი აქვს პისანცის გარდაცვალებას მეგის ქარდავას საქმესთან, ამას ახლა გამოძიება არკვევს.
ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. უკრაინული პრესა არ გამორიცხავს, რომ ფაქტი მოსამართლის საქმიანობას უკავშირდებოდეს. გავრცელებული ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები მოსამართლის გარდაცვალების ფაქტს მეგის ქარდავას საქმეს უკავშირებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავე, მეგის ქარდავა უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანა. ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ მორიგი პროცესი დღეს, 13 სექტემბერს არის ჩანიშნული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის საქართველოში ექსტრადირება უახლოეს დღეებში განხორციელდება. ქარდავას ექსტრადირების შესახებ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უკვე ჩაბარდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსს
არასდროს შეხვედრია და არ იცის ვინ არის მეგის ქარდავა.
„მეგის ქარდავა ვინ არის, ვიცი ზუსტად თქვენსავით და ტელევიზიით. ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ და უბრალოდ, ეტყობა, სახელი და გვარი აინტერესებს ვიღაცას და ატრიალებს. მეგისი - უცნაური სახელია ხომ? მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ პიროვნებას და არც ის ვიცი, უკრაინასთან რა კავშირშია. რატომ აღმოჩნდა უკრაინაში, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი თემის გამოყენება პროვოკაციისთვის ამ მოძრაობის წინააღმდეგ, რაც სცადა უკრაინის ხელისუფლებამ და საქართველოს ხელისუფლებამ, არ გამოვა, იმიტომ, რომ მეგისი თუ სხვები და ვიღაცები ამას მნიშვნელობა არ აქვს, აი, ეს არის ჩვენი ხალხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი უარყოფს, რომ ქარდავას იცნობს, თუმცა სხვას ამტკიცებს არქივი, რომელიც ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულების ერთგვარი ბაზაა. სისასტიკით ცნობილი მეგის ქარდავა ორჯერ არის დაჯილდოვებული ვახტანგ გორგასლის და ღირსების მედლებით. 2010 წლის 20 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავას 2012 წელსაც გადასცა. როგორც 2012 წლის 19 მაისის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
დიახ, ეს ის მეგის ქარდავაა, რომელსაც სააკაშვილი „არ იცნობს“. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ასევე წარმატებით უარყო კავშირი კუდ-ის ყოფილ უფროსთან, დათა ახალაიასთან და ამტკიცებდა, რომ ახალაია 2003 წლის მერე სულ 2- 3 ჯერ ჰყავდა ნანახი: „რევოლუციის მერე დათა ახალაია პარტიის აქტივისტი აღარ ყოფილა,შესაბამისად ის არ ასოცირდება პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის 17 აპრილს გააკეთა.
მეგის ქარდავა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში 2003 წლის რევოლუციის შემდეგ გამოჩნდა. ქარდავა ძმები ახალაიების კლანის წევრი იყო. მისი კარიერული აღმასვლა ბაჩო ახალაიას დაწინაურების პარალელურად მიმდინარეობდა. 2006 წელს ის N7 საპყრობილის დირექტორი იყო. 2007–2009 წლებში შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, მეგის ქარდავამ სამხედრო პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა, ხოლო 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია შს მინისტრად დანიშნეს, რა თქმა უნდა, ქარდავამ როტაციის წესით შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა, თუმცა ახალაია-ქარდავას მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შედეგ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, თანამდებობა დატოვეს ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დატოვა საქართველო, 2013 წლის 13 თებერვლიდან კი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.
ძებნილი ქარდავა 2017 წელს რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა შეღწევას უკრაინაში, რა დროსაც ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს. ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილ ქარდავას 2018 წლის დეკემბერში უკრაინის სასამრთლომ საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქარდავას ექსტრადირება მოითხოვა, თუმცა ძებნილმა მაღალჩინოსანმა შესაბამის უწყებებს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა. მეგის ქარდავას მოლოდინი არ გამართლდა. უკრაინის სასამართლომ პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილ მაღალჩინოს სამშობლოში დააბრუნებენ და სასჯელს სწორედ იმ დაწესებულებაში მოიხდის, სადაც პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე წამებით მოკლა და არაერთი პატიმარი აწამა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოთხოვნილია სისხლის სამართლის 15 საქმეზე, საიდანაც სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. ეს საქმეებია: პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების და მკვლელობის საქმე; გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმე; ციხის ბუნტი; პატიმართა წამების საქმე; ე.წ. „კასრების“ საქმე; ასევე ბრალდებულია მოქალაქე ბ.რ-ს სასტიკად წამების საქმეზე; თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების საქმე; დანაშაულის ორგანიზება და მკვლელობის დაკვეთა.
მეგის ქარდავას არაერთგზის ადანაშაულებდნენ ადამიანების წამებასა და დამცირებაში. რამდენიმე ასეთი მძიმე ეპიზოდი სახალხო დამცველის რამდენიმე ანგარიშშიც მოხვდა. გარდა ამისა, საქართველოს სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილებოდა რამდენიმე სხვა საქმეც, რომლებშიც ასევე ფიგურირებს ქარდავა. ყველა ამ საქმეზე ქარდავას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.
კიდევ ერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც მეგის ქარდავა ფიგურირებს, აკადემიკოსი გურამ შარაძის მკვლელობის საქმეა. როგორც რუსუდან შარაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მეგის ქარდავა სააკაშვილის ბანდის ქვედა რგოლია. მისი თქმით, ქარდავა იყო შემსრულებლების ზედამხედველი და ხშირად, თავადაც შემსრულებელი, რადგან ასეთი მანიაკალური ბუნება აქვს - სისხლზე და წამებაზე იღგზნება, ისევე, როგორც მისი უფროსები.
„მეგის ქარდავა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. სააკაშვილ-მერაბიშვილი რომ ბინძურ განკარგულებას გასცემდნენ, ორგანიზება ევალებოდა დათა ახალაიას, რომლის მარჯვენა ხელი იყო მეგის ქარდავა, თავისი მკვლელი ზონდერებით. ასე მოხდა გურამ შარაძის შემთხვევაშიც და ამას მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ვამბობ. მოწმესაც ხომ გააჩნია? თავად ახალაის და ქარდავას მარჯვენა ხელი ლაპარაკობს ამას. მისი თქმით, მამაჩემის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ზუგდიდში, მეგის ქარდავამ დაიბარა და დაავალა თბილისში მანქანით წაეყვანა ორი სპეცრაზმელი - თემურ ჯგერენაია და გია ფაჩულია იმ მიზნით, რომ მოეკლათ გურამ შარაძე. თბილისში დახვდებოდათ გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“ და მკვლელობის დეტალურ გეგმას გააცნობდა. მეგის ქარდავამ მოწმეს გადასცა იარაღი და ხუთი ათასი ლარი პრემია. რაღაც სასწაულით, მოწმემ, რომელიც იქამდე არაფერზე ამბობდა უარს, გადაწყვიტა, არ შეესრულებინა დავალება და ავადმყოფობა მოიმიზეზა. მიუხვდნენ და პასუხად, სამეგრელოს მაშინდელმა გუბერნატორმა, თენგის გუნავამ საკუთარი ხელით სცემა, მერე დაიჭირეს, სწორედ, იმ იარაღის უკანონოდ შენახვის გამო, რომელიც თავად მისცა ქარდავამ, ფულიც ჩამოართვეს და ციხეში გაუშვეს. დავალებიდან ერთ კვირაში გურამ შარაძე მოკლეს“, - აცხადებს რუსუდან შარაძე და იმედს იტოვებს, რომ ქარდავას საქმე წინასაარჩევნოდ, შეგნებულად არ გააქტიურდა.
„ოცნებამ“ იმდენჯერ გამიცრუა იმედი, რომ არ გამომდის თავის მოტყუება. ყველაზე მეტად, მე გამიხარდება თუ ვცდები, რადგან გურამ შარაძის მკვლელობის საქმე, სწორედ, ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენების საფუძველზეა დაბრუნებული ძიებაში და წესით, ჩვენს საქმეს უნდა წაადგეს. თუმცა, რამდენი ხანია, რაც დაკავებული ჰყავთ „მასტერა“, კიდევ მეორე შემსრულებელი სააკაშვილის ბინძური საქმეებისა, დაჰკითხეს კიდეც, მაგრამ რა? - რამე იციო ? - არა, არაფერიო. სულ ეს იყო.
ცნობილია, რომ მეგის ქარდავა ჯერ კიდევ 2017 წელს დააკავეს უკრაინაში. მაშინაც იყო ლაპარაკი ჩამოყვანაზე და დიდი მოლოდინი მქონდა პირადად მე. მერე შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, ალბათ, სააკაშვილის დიდი მეცადინეობით. ახლა ხელახლა ციხეში უკრეს თავი და კვლავ გადმოცემაზე ალაპარაკდნენ. სიმართლე გითხრათ, მიკვირს კიდეც, აქამდე როგორ არ „გაასაღა“ სააკაშვილმა. როგორც წესი, მსგავს ხელის ჭუჭყს მალევე იშორებენ. სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, მეგის ქარდავამ პირი თუ მოაღო, რამდენ დანაშაულს აეხდება ფარდა. უფრო სწორად, რამდენი დანაშაული დადასტურდება, თორემ ყველამ ყველაფერი ისედაც ვიცით“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რუსუდან შარაძემ.
ბრალდებების ამ ჩამონათვალის მიუხედავად, თავად ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქარდავას მეუღლე მეგის ქარდავას სახელით წერილს აქვეყნებს. ქარდავა წერილში სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და სთხოვს, მისი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვან.
„უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების „ქოცხელისუფლების“ ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის.
წლებია, რაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკურად ვიდევნები 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის ოლიგარქის ხელისუფლების მიერ ერთადერთი მოტივით: პოლიტიკური სარჩულით შეკერილი ბრალდებებით გავენეიტრალებინეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, რაც გარდა იმისა, რომ ემსახურებოდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად განხორციელებული სასიცოცხლო რეფორმების დისკრედიტაციასა და სასიკეთო კვალის წაშლას, მთავარ მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუციების გეგმაზომიერ ჩამოშლას - რაც სახეზეა.
რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით გამართულად ფუნქციონირებს, არის სახალხო დამცველი, რომელიც სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა. მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად, ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული“, - წერია მეგის ქარდავას „ფეისბუქგვერდზე“.
ქარდავა თავის განცხადებაში არ აკონკრეტებს, ვინ არის უკრაინელი „პოლიტიკური პატიმარი“. ბრალდებულს ალბათ 2 უკრაინელი მეზღვაური ჰყავს მხედველობაში, რომლებიც გასული წლის ნოემბერში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსული უკრაინული იახტიდან აიყვანეს. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავებოდა. ქართულმა სასამართლომ მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ისინი საქართველოს პრეზიდენტმა ივლისში შეიწყალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ არ შეიმჩნიონ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტარდირების საქმე. ამ დრომდე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინულ ფილიალში სერიოზული განხეთქილებაა, განსაკუთრებით მეგის ქარდავას უახლოეს გარემოცვაში.
„კულუარული ინფორმაციით, საქართველოში მსჯავრდებული დავით ჭაკუას ძმა - უკრაინაში მცხოვრები დიმიტრი ჭაკუა და მისი საახლობლო აღშფოთებულები არიან მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო - მეგის ქარდავას არ ვიცნობო. აღშფოთების საგანია: „ეხლა აღარ სჭირდება?! და ამიტომ არ იცნობს???“. უკრაინული ნაცკლასტერი გაძლიერებული ყურადღებით ელოდება ბელადის თითოეულ სიტყვას და ქმედებას მეგის ქარდავასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებულად ელოდება ამას კოხტა კოდუა. თუმცა, იმის ალბათობა, რომ ბელადი შეეცდება გაემიჯნოს საკუთარ საყვარელ ჯალათს, საკმაოდ დიდია. თავის დროზე, მის დაჯილდოვების ფაქტებს, სავარაუდოდ, ახსნის ამ პროცესებისადმი საკუთარი სრული უცოდინარობით და ყველაფერს საკუთარ ადმინისტრაციას გადააბრალებს. საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებენ ადგილობრივი სექტანტები?“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოში მოხდა „მასტერას“ იგივე გია დგებუაძის ექსტრადირება. ამის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების საქართველოში ექსტრადირება, რომლებიც დღეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში პოლიტიკური დევნილის სტატუსით სარგებლობენ. ამ მხრივ გამონაკლი არ იყო უკრაინა, რომელმაც ქარდავას ექსტრადირება იმ მოტივით შეაჩერა, რომ თავშესაფარს ითხოვდა. ამას ემატებოდა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა.
თუმცა, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განახლდა. როგორც დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ჩიხური სიტუაცია გაარღვია ირაკლი ღარიბაშვილმა და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც პირდაპირი ურთიერთობები დაამყარა თავის კოლეგასთან.
„ამ ორმა ქვეყანამ საერთო ენა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გამონახა. მოხდა უკრაინელი მეგობრების დარწმუნება, რომ ორ ქვეყანას შორის არ იყო ჯანსაღი სიტუაცია, მაშინ, როდესაც ჩვენ და უკრაინას ერთი და იგივე გეზი გვაქვს აღებული და ერთი და იგივე პრობლემები გვაწუხებს - იქ ტერიტორიების ანექსია, აქ ოკუპაცია.
ამ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები „ნაცმოძრაობის“ და მათი ბელადის მიერ მძევლად იყო აყვანილი. ამ მძევლობიდან უნდა გამოსულიყო სიტუაცია და ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც სააკაშვილის სავიზიტო ბარათი და იმ სისტემის ნომერ პირველი ჯალათი იყო, უნდა დაკავებულიყო და მომხდარიყო საქართველოში ექსტრადირება. ამაში რა უნდა იყოს გაუგებარი? სამარცხვინოა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ის არ იცნობს მეგის ქარდავას, მაშინ როდესაც ამ ჯალათს ხან ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით აჯილდოვებდა, ხან ღირსების ორდენით. ამას რა დავარქვათ?
ახლა დავუბრუნდეთ ირაკლი ღარიბაშვილს - ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა იყო საჭირო იმისათვის, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის წლების განმავლობაში ჩიხში შესული ურთიერთობები ჩიხიდან გამოეყვანა? რა გააკეთეს ღარიბაშვილის ან ერთმა, ან მეორე, ან მესამე წინამორბედებმა იმისთვის, რომ საქმიანი, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დაემყარებინათ უკრაინის პრეზიდენტთან, ან პრემიერ-მინისტრთან?! ფაქტობრივად, უკრაინა გადაიქცა პოლიტიკური ტერორიზმის პლაცდარმად საქართველოსა და მოქმედ ხელისუფლებასთან მიმართებაში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშივილის შეფასებით, ცხადია, თუ წინასაარჩევნოდ მოხდება ქარდავას ჩამოყვანა, ეს კიდევ ერთხელ გახსენება იქნება იმ დანაშაულებებისა, რასაც სჩადიოდნენ. ანალიტიკოსის შეფასებით, წინისაარჩვენო აგიტაცია და მეგის ქარდავას სასამართლოს წინაშე წარდგენა ერთმანეთს ხელს არ უშლის.
„15 საქმე ცოტაა. რამდენი დღეც იყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, ყოველ დღე თითო დანაშაულს სჩადიოდა მეგის ქარდავა. ამიტომ 15 საქმე ძალიან ცოტაა, მაგრამ საკმარისია, რომ დიდი ხნით ჩაჯდეს ციხეში. ვისაც როგორც უნდა ისე ჩათვალოს, ჩათვალონ ნაციონალებმა, რომ წინასაარჩევნო პროპაგანდაა, უბრალოდ, პროპაგანდა იმისა, რაც სიმართლეს შეესაბამება და რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და აი, ეგეთი ხალხი, როგორის არის მეგის ქარდავა, გვერდზე ედგათ.
არჩევნების მიზანი რა არის - წარმოაჩინო შენი თავი და ხალხს დაანახო მოწინააღმდეგე. ძალიანაც კარგი, ამას თუ აკეთებენ. ეს წამოძახილი, რომ წინასაარჩვენოდ ხდება მისი ექსტრადირება, თავშივე მცდარია! ქარდავასთან დაკავშირებით ტყუილს ხომ არ ამბობენ? - სიმართლეა. ნებისმიერ დამოუკიდებელ სასამართლოზე უდავოდ დადასტურდება ყველა ბრლადება და ამაში დარწმუნებული ვარ. კარგია, რომ მეგის ქარდავასთან დაკავშირებით სამართალი დაიძრა და კიდევ უფრო კარგია, რომ ეს ხდება საარჩევნოდ. კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდება იმ ძალის სახე, რომელიც ახლა თავს დებს სამართლიანობაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ისე, სულ მაინტერესებს, ქარდავასნაირი ტიპები როგორები არიან მანამდე (ბავშვობაში, ყმაწვილობაში, ჭაბუკობაში), სანამ ამხელა ბერკეტები ჩაუვარდებათ ხელში საკუთარი მანიაკალური მირეკილებების რეალიზებისთვის: საინტერესო იქნებოდა კლასელების, ამხანაგების მოგონებები - მაშინ თუ ამჟღავნებდა რამე განსაკუთრებულს და თუ ეტყობოდა, რომ ასეთი სკანდალურად ცნობილი "დიდი კაცი" უნდა გამხდარიყო?
*
მიშა რომ არც მაგას იცნობს და არც დათა ახალაიას - გასაგებია...
მაგრამ რას ვიცინებდი, ახლა მაგან რომ მოაღოს პირი და სულ დეტალურად "შეახსენოს" პრეზიდენტს საკუთარი თავი! :))))