გუშინ პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის პირველი შეხვედრა გაიმართა.
„პარი სენ ჟერმენმა“ კატალონიურ „ბარსელონას“ უმასპინძლა. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ - 2:2 დასრულდა.
არგენტინის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ლეო მესისთვის გუშინდელი მატჩი უიღბლო აღმოჩნდა. ლეომ გუშინდელ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. სამწუხაროდ მეორე ტაიმში სამხრეთ ამერიკელი მინდორზე აღარ გამოვიდა და მისი ადგილი სესკ ფაბრეგასმა დაიკავა.
დღეს დილით ფრანგულმა გამოცემამ „L’ Equipe” გაავრცელა ცნობა, რომ დიეგო მარადონას თანამემამულემ მუხლის ტრავმა მიიღო. მატჩის დასრულების შემდეგ არგენტინელს სასწრაფო გამოკვლევა ჩაუტარდა. წინასწარი მონაცემებით, მესი უახლოესი სამი კვირის განმავლობაში საფეხბურთო მოედანზე ვერ გამოვა.
დღეს არგენტინელს ესპანელი ექიმები უკვე საფუძვლიანად გამოიკვლევენ. მათი საბოლოო პასუხი საღამოს საათებში გახდება ცნობილი.
ამის მიუხედავად ეჭვს არ იწვევს, რომ ამ გუნდების განმეორებით შეხვედრაში, 9 აპრილს, მესი „კამპ ნოუს“ მინდორზე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.