„რა საჭიროა კინოთეატრები, გასართობი კლუბები, სიცოცხლისთვის არასაჭირო სერვისები, როცა გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი?!“

„რა საჭიროა კინოთეატრები, გასართობი კლუბები, სიცოცხლისთვის არასაჭირო სერვისები, როცა გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი?!“

„თუკი დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სხვა შეზღუდვები უნდა დაწესდეს“, - ასეთნაირად ეხმაურება ტრანსპორტის აღდგენის საკითხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ტრანსპორტის გახსნა მარტო ვაქცინაციაზე არაა დამოკიდებული. გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ტრანსპორტიც დიდი კერაა, განსაკუთრებით, დიდი ბუსტერია მეტრო.

14 აგვისტოდან მოყოლებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება იყო ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საკუთარი მანქანის არმქონე მოსახლეობას, ვისაც გაძვირებული ტაქსებით მგზავრობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, კილომეტრობით უწევდა ფეხით გადაადგილება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას იმთავითვე მოჰყვა უკმაყოფილება სხვადასხვა წრეებში.

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა მაშინვე მიმართა ხელისუფლებას, „მთავრობავ, საქალაქო ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო, მაქსიმალურად უნდა დაუმატო ავტობუსები და მხოლოდ იმდენი ადამიანი აუშვა, რამდენიც სკამია და ყველა უნიღბოს გადასცე ნიღბები“.

პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან კობერიძეც მიიჩნევდა, რომ არასწორი იყო ტრანსპორტის დაკეტვა, მით უმეტეს, მასობრივი ვაქცინაციის დროს.

სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი ასილ ურუშაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, მცდარია მოსაზრება, თითქოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზია. სინამდვილეში, თბილისის მერიაში სხვა პრობლემები ჰქონდათ ტრანსპორტთან მიმართებით, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, გაჩერებულიყო ტრანსპორტი. თუმცა ვასილ ურუშაძისთვის მთავარ კითხვად რჩება, მხოლოდ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვრცელდება ვირუსი?! მსოფლიოს არც ერთ სხვა ქალაქში არ არის ამ მხრივ შეზღუდვა, არც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაჩერებულა, მხოლოდ თბილისშია მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა.

„რეალურად გაცხადებული მოტივი ტრანსპორტში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლეა ის, რომ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების დიდ ნაწილს დაუდასტურდა კოვიდი, საუბარია მძღოლებზე, კონტროლიორებზე, კონდუქტორებსა და მეტროს მემანქანეებზე. აქედან გამომდინარე, პარალიზება ხდებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეჩერებინა ტრანსპორტი. ყველგან არსებობს თანმიმდევრობა, არც ერთ ნორმალურ და განვითარებულ ქვეყანაში არ მიუღიათ მსგავსი გადაწყვეტილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არის ყველაზე ბოლო შეზღუდვა. ანუ, როცა ყველაფერი გაჩერდება, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გავაჩეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამის საპირისპიროდ, ჩვენს ქვეყანაში ღიაა გართობის ცენტრები, კინოთეატრები, გართობის კლუბები, კაფეები, შოპინგმოლები, რესტორნები. წარმოუდგენელი რამ ხდება, ეს არის სიცოცხლისთვის არასაჭირო სერვისები, მაგალითად, რა საჭიროა კინოთეატრები, როცა გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი?!“ - აინტერესებს ვასილ ურუშაძეს.

ის მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის არათანმიმდევრული პოლიტიკა და ადამიანების უფლებების შელახვა, რადგან ათასობით ადამიანს ყოველდღიურად უწევს ძალიან დიდი მანძილის ფეხით გავლა, რომ, ელემენტარული, მათთვის საჭირო სერვისები მიიღოს, ან შემოსავალი არ დაკარგოს. მისივე თქმით, ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, ტაქსში ვირუსის გადამდებლობა უფრო მაღალია, ავტობუსში, მიკროავტობუსში თუ მეტროში, მაგრამ ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ვირუსის გავრცელებისთვის აუცილებელია ორ ადამიანს შორის პირდაპირი კომუნიკაცია დაახლოებით 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ორმეტრიანი დისტანციის დარღვევით და ისიც პირბადის არგაკეთების შემთხვევაში. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი ასეთი შემთხვევები თითქმის არ არსებობს.

ექსპერტის აზრით, ცხადია, დღეს მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება გამოსავალი არ არის. გამოსავალი სწორ მენეჯმენტშია. ფაქტობრივად, 7 თვის განმავლობაში შეზღუდვების პირობებში ვცხოვრობდით, ამის შედეგად მივიღეთ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში, ეს გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შედეგია. მათ შორის, ყველანი ვხედავთ, ამ შეზღუდვებმა რა შედეგამდეც მიგვიყვანა.

ვასილ ურუშაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ, თუ ტრანსპორტი ამუშავდა, ცხადია, სხვა შეზღუდვები უნდა დაწესდეს. ეს სწორი მიდგომაა და პრიორიტეტების მიხედვით უნდა მოხდეს ცალკეული საშუალებების შეჩერება.

„ნაკლებად პრიორიტეტულია კინოთეატრები, გასართობი ცენტრები, კაფე-რესტორნები, შოპინგმოლები, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ადამიანების გადაადგილება. თუ შეზღუდვების დაწესებაზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა შევზღუდოთ ის ობიექტები, რომლებიც ნაკლებადაა დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან, მის ჯანმრთელობასთან. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ სრულ ლოკდაუნზე, რაშიც იგულისხმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. ჩვენთან კი პირიქით მოხდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერეს და მოჩვენებითად ჩათვალეს, თითქოს ამით კორონას გავრცელებას ხელი შეუშალეს“, - აღნიშნა ვასილ ურუშაძემ.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მიუხედავად, რომ ტრანსპორტი კორონავირუსის ყველაზე ნაკლებად გადამტანი და გამავრცელებელია, ჩვენი რეალობა კიდევ სხვაგვარია, ჩვენი მოსახლეობის მზაობიდან, მათი განწყობიდან, პირბადის ტარების თავშეკავებისგან გამომდინარე.

„ამიტომ ამ ეტაპზე მეც შევიკავებდი თავს ტრანსპორტის აღდგენისგან, რადგან ჯერ კიდევ მაღალია კორონავირუსის გავრცელების დონე. ამ მხრივ ყველა ის სატრანსპორტო საშუალებაა საშიში, რომელიც კარგად არ ნიავდება, სადაც დისტანცია არ არის დაცული და პირბადის ტარების მაჩვენებელი დაბალია“, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

Katana . ე.ი. საბოლოოდ ყველაფერი დავიდა პირბადის ტარებამდე.
ანუ, მთავარი პრობლემა არის ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნების დაბალი დონე!
როცა ხალხი ფსიქოლოგიურად არ არის მომზადებული დემოკრატიისათვის, ეტყობა ტოტალიტარიზმი ერთადერთი გამოსავალია. (ჩრდ. კორეაში ამ პრობლემას მარტივად გადაჭრიდნენ: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მყოფ მგზავრებს დაავლებდნენ ხელს და პირდაპირ უკრავდნენ თავს ციხეში! - მეორე დღეს ყველანი პირბადით ივლიდნენ და არც პრანსპორტის გაჩერება დასჭირდებოდათ, არც აღშფოთებული მოქალაქეების ლანძღვა-გინების ატანა).
3 წლის უკან