საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ ოთხნიშნა რიცხვს შეადგენს. ასევე, მაღალია კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობაც. მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია არ შეინიშნება, - საშუალოდ 5000 ახალი შემთხვევიდან 2000 კვლავ რჩება. ამის ფონზე, სპეციალისტები კიდევ ერთ, მეხუთე ტალღას პროგნოზირებენ, თუმცა, არა ისეთს, როგორიც მაგალითად, მე-3 ან მე-4 იყო.
ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის კიდევ ერთ, - „მიუ“ შტამი გამოჩნდა, რომლის შესახებაც დღეს ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ახალი სახეობის ორი ახალი შემთხვევა თურქეთში დაფიქსირდა, თუმცა, როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამის საშიშროებას საქართველოში დღეს არ არსებობს.
„კორონავირუსის „მიუ“ შტამთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ გვაქვს, თანაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს. ყველა ვაკვირდებით, თუ როგორი იქნება ახალი შტამის ქცევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი შტამის შესახებ უცხოელი კოლეგებისგან მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, ყველა დეტალს საზოგადოება გაიგებს.
„თურქეთში „მიუ“ შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, თუ რა ქცევით ხასიათდება კონკრეტული შტამი, როგორი ინტენსივობით ვრცელდება. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, ის არ იქნება განსხვავებული მეთოდის, შესაბამისად, ამ კუთხითაც მზად ვიქნებით. ამჟამად ვაკვირდებით იმას, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება მეტად რისკის შემცველი, რის შედეგადაც დამატებით ღონისძიებებს მივმართავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა ისევე გავრცელდეს ქვეყანაში, როგორც „დელტა“ შტამი.
„როგორც „დელტა“ შტამი გავრცელდა, შესაძლოა, ისევე გავრცელდეს „მიუ“ შტამიც. ეს მაქსიმალურად დამოკიდებული იქნება საზღვარის გადაკვეთისას, რამდენად დაცული იქნებიან ადამიანები საზღვარგადაკვეთილი უცხოელებისაგან“, - განაცხადა ხმალაძემ For.ge-სთან.
8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2571 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 60 პაციენტი, რაც ირაკლი ხმალაძის თქმით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ექიმი-ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი სავარაუდოდ ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, რადგან, მისი თქმით, ძალიან ძლიერი მუტაცია ახასიათებს.
„მე ამ სიტუაციას ვერ დავარქმევ სტაბილურს, რადგან ამხელა გარდაცვალების მაჩვენებელი არ გვქონია. „დელტა შტამის“ მიმდინარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ბრიტანული შტამი თუ სხვა შტამების. „მიუ“ შტამზე არ გვაქვს მონაცემები, გადამცემლობის უნარი რამდენად მაღალი აქვს. ამიტომ ვამბობდი დიდი ხნის წინ, რომ არ არის გამორიცხული, ხელოვნურად იყოს მიღებული ეს ვირუსი, რადგან ძალიან ძლიერი მუტაგენობა და მუტაციის უნარი ახასიათებს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ეპიდღონისძიებების გატარება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში 1 366 678 აცრაა ჩატარებული. მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.0%. სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%. ბოლო 24 საათში კი 27 011 ადამიანი აიცრა.
ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ სანამ ქვეყანაში ნამდვილად არ დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია, უნდა ველოდოთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდას.
„ძალიან ბევრი ადამიანი აცრის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. სხვა ბერკეტებით უნდა დავეხმაროთ, გაიგონ რა არის აცრა, რომ თავის თავთან ერთად სხვებიც გადაარჩინონ. სანამ მასიური მართლაც არ გახდება ვაქცინაცია, მანამდე უნდა ველოდოთ ახალი შემთხვევების მატებას და არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი ტალღა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იკლო კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა. ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობის კლებაც.
ახალი შემთხვევების კლება აშკარად სახეზეა, შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა და მივდივართ ახალი შემთხვევების კლებისკენ. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების კლებაც. პაციენტი როდესაც ინფიცირდება, ლეტალური შედეგი დგება 2-3 კვირის შემდეგ, შესაბამისად, გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით იგვიანებს ახალი შემთხვევებიის მატების პიკთან მიმართებით. ასევე გარდაცვალების შემთხვევების კლებაც იგვიანებს ახალი შემთხვევების კლების დაწყებიდან 2-3 კვირით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მივაღწევთ ახალი შემთხვევების კლებას“,- განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოში მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა იყო. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეპიდვითარების ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ.
„მე-5 ტალღა საქართველოში, ალბათ, იქნება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში იქნება, მაგრამ არ მგონია იყოს მძიმე. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ წამოგვეწევა ვაქცინაცია. სანამ მე-5 ტალღა იქნება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი, რომ ჩვენთან მე-5 ტალღა იყოს შედარებით რბილი. ასევე ის, რომ საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო მე-4 ტალღის დროს, სიცოცხლის ძალიან დიდი დანაკარგები გვქონდა და მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს. მედიცინა მუდმივ პროგრესშია, ჩნდება ახალ-ახალი მედიკამენტები, მთავრდება ზოგიერთი მედიკამენტის კლინიკური კვლევა, რომელიც ეფექტურია უფრო მეტად, ვიდრე დღეს არსებული და საქართველო იქნება, გპირდებით, ერთ-ერთი პირველი, რომელიც შემოიტანს და ესეც გააუმჯობესებს გამოსავალს. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ პროგნოზი არის საიმედო, რათა ვიყოთ იმედიანად. მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.