ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთად ერთად ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

კვარაცხელია ტრავმის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, ისევე როგორც ჯორჯ დესპოტოვიჩმა, რომელსაც ასევე ტრავმა ჰქონდა. ორივე ფეხბურთელი ყაზანელებმა რუსეთის პრემიერლიგის განაცხადში დააბრუნეს.

ხვიჩამ ტრავმა „ხიმკისთან“ მატჩში მიიღო და მას შემდეგ „კრასნოდართან“ თამაში გამოტოვა, აგრეთვე ვერ შეუერთდა საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებისთვის.

კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, „რუბინი“ კი 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ლეონიდ სლუცკის გუნდს რუსეთის ჩემპიონატში სამმატჩიანი, ხოლო ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. 20 წლის ჩვენებური სავარაუდოდ უახლოეს ტურში 13 სექტემბერს, „ურალთან“ ითამაშებს.