საქართველოში კორონავირუსის შემოღწევის შემდეგ, მოსახლეობისთვის მთავარ სადარდებელი სწორედ აღნიშნული ვირუსი გახდა, სხვა დაავადებებმა კი, თითქოსდა უკანა პლანზე გადაინაცვლა.
პანდემიიის ფონზე იკლო თუ არა სხვა დაავადების მქონე ადამიანების მიმართვიანობამ კლინიკებში, ან და ოპერაციებმა, ამის გასარკვევად for.ge-მ რამდენიმე საავადმყოფოს მიმართა.
როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი, რაც პანდემიის ფონზე აღარ ტარდება, ეს გეგმიური ოპერაციებია.
„მომართვიანობა არ შემცირებულა, პირიქით მოიმატა. მოგეხსენებათ, ალადაშვილის სახელობის საავადმოფო, ჰიბრიდული კლინიკაა, ამიტომ პაციენტების ნაკადი ჩვენთან წამოვიდა. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ერთადერთი გეგმიური ოპერაციებია შეჩერებული. გადაუდებელი ოპერაციები კეთდება - ეს არის, ტრავმატოლოგია, ზოგადი ქირურგია, თერაპია და კარდიოლოგიური მიმართულება. რაც შეეხება ონკოლოგიურ პაციენტებს, ჩვენ გვაქვს დღის სტაციონარი ქიმიოთერაპიის. ამ მხრივაც კლება ნამდვილად არ არის“, - გვითხრეს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდ ინფიცირებულებს მკურნალობენ, კლინიკა სხვა დაავადების მქონე პაციენტებსაც იღებს. როგორც for.ge-ს კლინიკის დირექტორმა, დავით გადელიამ განუცხადა, პაციენტების რაოდენობა არ შემცირებულა.
„ჩვენთან ჩირქოვანი ქირურგია არ შემცირებულა. თითქმის არც ერთი მიმართულებით არ მოგვკლებია პაციენტები. შეიძლება ითქვას, რომ ყველა განყოფილება სავსეა და გადაუდებელი ოპერაციები ტარდება“, - გვითხრა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკს დირექტორმა.
For.ge ასევე დაინტერესდა ამ მხრივ რა მდგომარეობა არის ბავშვთა კლინიკებში. ჩვენ იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორს, ვანო ჩხაიძეს მივმართეთ.
„სასუნთქი სისტემის დაავადების - ფილტვების ანთება, ბრონქიოლიტი - მომართვიანობა შემცირებულია. ამ მხრივ 2021 წელს ნაკლები იყო მომართვიანობა, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ანალოგიური მდგომარეობა იყო 2020 წელსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის სააწინააღმდეგო ღონისძიებების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების რიცხვი. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, მსოფლიოშიც ანალოგიური მდგომარეობაა და მომართვიანობა მართლაც შემცირებულია.
რაც შეეხება სხვა სისტემებს, განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, რადგან ბევრი საავადმყოფო, რომლებიც პაციენტებს იღებდა, კოვიდ საავადმყოფოებად გადაკეთდა და შესაბამისად ამ პაციენტების ნაკადმა ჩვენი კლინიკისკენ გადმოინაცვლა. მაგალითად, გასულ წელთ, ნევროლოგიაში მომართვიანობა უფრო მეტია. გადამდები დაავადებების მომართვიანობამ იკლო, იგივე ითქმის დიარიაზეც, რადგან ხელს თუ ხშირად დაიბან, გადადებაც ნაკლებია, ამიტომ ეს დაავადებები შემცირდა. მეორე მხრივ, რომელიც არაგადამდები დაავადებებია, მათი რიცხვი სტაბილურია. განსხვავება შეიძლება იმ კუთხით იყოს, რომ ამ პაციენტებმა რამდენიმე კლინიკაში მოიყარეს თავი, რადგან უმეტესი კლინიკები კოვიდ საავადმყოფოებად გადაკეთდა“, - განუცხადა for.ge-ვანო ჩხაიძემ.
იაშვილის კლინიკაში ასევე ონკოლოგიური პაციენტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მკურნალობას.
„ჩვენს კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ და ვერ გეტვით, რომ ამ მხრივ რაიმე შეიცვალა. ვერც იმას გეტყვით, რომ კორონავირუსმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვთა რაოდენობა გაზარდა ან შეაცირა, ამის სტატისტიკა არ არის. ონკოლოგიის მხრივ რიცხობრივად მნიშვნეოვანი ცვლილებები არ არის, სტაბილური მდგომარეობაა. ასევე, მოსაზრება არსებობს, რომ კორონავირუსმა პროვოცირება გაუწიოს ლეიკემიის მიმდინარეობას და კოვიდ19-ის ფონზე შეიძლება აღნიშნული დაავადებები გამოვლინდეს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ მოსაზრებაა და ამის მტკიცება არ შეგვიძლია“, - გვითხრა იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 567 922 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 523 669, გარდაიცვალა 7 917 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი - 24 მაისიდან.