დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” საფრანგეთის ეროვნული გუნდისა და კლუბი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სამირ ნასრის ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ამჟამინდელი გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი დაუნდობლად გააკრიტიკა და არსენ ვენგერთან დაბრუნება მოისურვა.
„მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ვერ ვატარებ. რამდენიმე დღის წინ რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ნახევარი ძალით ვთამაშობ. რასაკვირველია იტალიელისგან ამ დაუფიქრებელ ნათქვამს არ ველოდი. მწვრთნელისაგან განსხვავებით გულშემატკივრები ხედავენ რომ ნებისმიერ შეხვედრაში ბოლომდე ვირჯები. სხვადასხვა მიზეზის გამო საშინელ სპორტულ ფორმაში ვიმყოფები.
რობერტო მანჩინი ჩემს პრობლემებში ჩინებულად ჩახედულია. ამის მიუხედავად საჯაროდ ზარმაცს მიწოდებს. მის მიმართ პრეტენზია მეც გამაჩნია, ჩვენმა თავკაცმა ინგლისური ენა დღემდე ვერ ისწავლა და მოთამაშეებთან კომუნიკაციის დიდი პრობლემა გააჩნია.
არსენ ვენგერი უფრო გაწონასწორებული ადამიანია და ნებისმიერი ხასიათის მოთამაშესთან კონტაქტის დამყარება არ უჭირდა. ვენგერთან კვლავ მუშაობაზე ვოცნებობ. ჩემი ნება რომ იყოს, „არსენალში“ დაუფიქრებლად დავბრუნდებოდი“. - განაცხადა სამირ ნასრიმ.