დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „Marca” საინტერესო ცნობა გაავრცელა.
ახლო წარსულში პოპულარულმა ბრაზილიელმა მოთამაშე რომარიომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი თავკაცი ჟოზე მარია მარინის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. ბატონი ჟოზე 2014 წლის მსოფლიო პირველობის ორგკომიტეტის თავმჯდომარეც ბრძანდება.
1994 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ამავდროულად ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატმა მარინის მოხსნის სპეციალურ პეტიციას ხელი უკვე მოაწერა. ამ საბუთზე საკუთარი ხელმოწერა უკვე 55 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა. მარინის საქმიანობით უკმაყოფილოთა აზრით, ამ ადამიანის ხელში ბრაზილიას დიდი სირცხვილი ელოდება.
ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირის მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ქვეყანა მიმდინარე წლის ზაფხულში დანიშნული კონფედერაციის თასისათვის და მომავალი წლის მუნდიალისთვის სათანადოდ მზად არ გახლავთ.
ფიფა-ს სპეციალური კომისიისაგან განსხვავებით, ბრაზილიაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვერ ამჩნევენ. რომარიოს მტკიცებით, მარინი და მისი თანამშრომლები სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს უსირცხვილოდ ითვისებენ.
ჟოზე მარია მარინი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2012 წლის მარტში აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან რიკარდო ტეიშეირა შეცვალა.