თამარ ჩერგოლეიშვილის ჩემოდანში შემოსავლების სამსახური სუბოტექსს ეძებდა

თამარ ჩერგოლეიშვილის ჩემოდანში შემოსავლების სამსახური სუბოტექსს ეძებდა

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის ჩემოდანი აეროპორტში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ჟურნალისტის თქმით, მის ჩემოდანში სუბოტექსს ეძებდნენ. ამის შესახებ გიგა ბოკერიას მეუღლე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"37 წლის ვარ და 47 წელია დავფრინავ :) მიფრენია პატიაშვილის, გუმბარიძის, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მთავრობის დროს.
ახლახან ჩამოვფრინდი სტრასბურგიდან, ჩემი უფროსი შვილის სანახავად ვიყავი წასული, უმცროს ქალიშვილთან ერთად.

ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში პირველად, ჩემი ჩემოდანი შემოსავლების სამსახურმა წაიღო და გახსნა მოითხოვა. მიზეზი რომ ვიკითხე, ერთგვაროვანი რა გიდევთო, კითხვითვე მიპასუხეს - ამაზე ვთხოვე, რომ ჭუჭყიანი საცვლები დაეთვალიერებინათ, რადგან ერთგვაროვნების კრიტერიუმს მხოლოდ ეს აკმაყოფილებდა.

მერე რაღაც წამლის ძებნა დაიწყეს და ჩემი დის მეგობრისთვის წამოღებული ორსულის ვიტამინი აღმოაჩინეს :)
ცოტა შემეცოდნენ - უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ თანამშრომლები.

გარეთ გიგა მელოდებოდა, შიგნით მისი დაცვის თანამშრომელი იყო შემოსული - ნიკა გაუყვანიათ და უთქვამთ, ვიღაცას სუბუტექსი ვუპოვეთ და მაგიტომ გავაჩერეთ, არ ვიცოდით, ვისი ჩემოდანი იყოო.

კითხვა - თუ სუბუტექსს ეძებდნენ, ვიტამინები რატომ არ დაათვალიერეს, ეგებ ყუთი სულ სუბუტექსით მქონდა სავსე :)

მეორე კითხვა - სუბუტექსთან შემოსავლების სამსახური რა შუაშია? მე მგონი ნარკომანიასთან ბრძოლა კრიმინალური პოლიციის კომპეტენციაა, არა?

მოკლედ, ვინც ამ საწყალ ხალხს დავალებებს აძლევთ - ანუ ივანიშვილის მთავრობა, გაითვალისწინეთ, რომ ფული ჩემოდნებით არ გადამაქვს, რაც მაქვს, ბარათზე მაქვს და როგორც ელენე ხოშტარიას და ოთო კახიძის ანგარიშები გადაეცით ვინმე მიქიაშვილს, ისევე შეგიძლიათ ჩემს ანგარიშში "ჩაიჭყიტოთ".

ნუ ჩააგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში - საწყალ გოგონას ჩემი შვილისთვის ნაყიდი სენტ ეგზუპერის პატარა პრინცი და წინდები შერჩა ხელში :)", - წერს ჩერგოლეიშვილი.